„საპრეზიდენტო კამპანია – ამბიციების და ღლიცინის აღლუმია!“

ამირან სალუქვაძე

გენერალი, ანალიტიკოსი

საპრეზიდენტო კამპანიის შესახებ

ისეთ კონსტიტუციააცდენილ დაპირებებს იძლევიან კანდიდატები (არადა, უკვე 36-ია დარეგისტრირებული), რომ, წარმოდგენილთაგან, ხმას არავის მივცემ.

კონსტიტუცია ჩემზე კარგად იციან, მაგრამ, სამწუხაროდ, იძლევიან ისეთ დაპირებებს, რომლებიც საერთოდ არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში.

პენსიების მომატება, გზების გაყვანა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და მსგავსი საქმიანობა არის მთავრობის პრეროგატივა. მთავრობაზე კი პრეზიდენტს გავლენა არ აქვს. ეს რომ იყოს საპარლამენტო არჩევნები, მაშინ არაფერი მექნებოდა საპრეტენზიო.

თუმცა, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე მიეჩვივნენ პოლიტიკური პარტიები, ვრცელი პროგრამის დასაწერად თავს არავინ იწუხებენ.საუკეთესო შემთხვევაში სურვილების დეკლარირება და ხედვების წარმოდგენა ხდება.

ისე, ძალიან მაღიზიანებს ფრაზები “ჩემი ხედვა”, “მინისტრის ხედვა” და ა.შ. ხედვა ჰქონდა ანგელას, დურბინდში. პარტიებმა, პრეზიდენტობის კანდიდატებმა, პროგრამები, დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმები უნდა წარმოადგინონ.

იმის ნაცვლად, რომ დაგვაფასონ ამომრჩევლები და სერიოზულად მიუდგნენ, როგორც კამპანიას, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამბიციების და ღლიცინის აღლუმია.

კატეგორიულად მიუღებელი და ამომრჩეველთა მიმართ შეურაცხმყოფელი იყო ქალწულობის მოწმობებთან დაკავშირებული საუბრები. უკვე დავწერე და გავიმეორებ: საკუთარ ოჯახებს მიხედონ, უნდათ შეამოწმონ, უნდათ დაამოწმონ და, როცა სხვა მანდილოსნებზე საუბრობენ, მანამდე პირის ღრუს დეზინფექცია ჩაიტარონ.

არ ვიცი ის ვიღაც ასათიანი რეალურია, თუ ფეიკია, მაგრამ, რაც შეეხება გირჩის ლიდერს, აგრძელებს სახელმწიფოს ფუნდამენტალურ ფასეულობებზე და შეტევას: რელიგია, ჯარი, ჯანსაღი ცხოვრება და სხვა. ახლა ვიღაც ვირტუალურ თუ რეალურ კანდიდატს ეჯიბრება და ქალიშვილობის ინსტიტუტს აქილიკებს. ასევე იძლევა არაკონსტიტუციურ დაპირებას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი და პარლამენტის უფლებამოსიელბაშია.

სხვა კანდიდატებზე ზემოთ მოგახსენეთ. ყველას ერთი პროგრამა აქვს, ისეთი, რომლის ასრულება პრეზიდენტს ფიზიკურად არ შეუძლია.

ვისურვებდი კანდიდატებმა ისაუბრონ შემდეგ საკითხებზე:
– არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში (უფლებები არც ისე ცოტაა, თუ გაიაზრებენ და სწორად გამოიყენებენ), როგორ შეასრულებენ საკუთარ მოვალეობებს?
– როგორ მოახერხებენ პარლამენტთან და მთავრობასთან ისეთ კონსტრუქციულ და ეფექტიან თანამშრომლობას, რომ სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას?
– როგორ ესმით უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილება და როგორ შეასრულებენ ამ საპასუხისმგებლო მოვალეობებს? როგორ უზრუნველყოფენ არმიის საბრძოლო მზადყოფნის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას პრეზიდენტის და უმაღლესი მთავარსარდლის პოზიციიდან?
– როგორ ესმით პრეზიდენტის როლი საგარეო არენაზე და როგორ აპირებენ ამ მიმართულებით საქმიანობას?
– მათ პროგრამებში ასახული უნდა იყოს პრეზიდენტის როლი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და უამრავი სხვა საკითხი.

არჩევნებზე წავალ, მაგრამ, სანამ ასეთ მიდგომას არ დავინახავ და რომელიმე კანდიდატის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებული არ იქნება ჩემს შეხედულებებთან, ჩემი არჩევანი 36-დან არც ერთზე არ შეჩერდება.