ახალი დეტალები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში

როგორც საზოგადოებამ იცის, პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა, ამავე დროს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა შსს აწარმოებდა.

კომისიამ ჟურნალისტებს დასკვნის პირველი ნაწილი გააცნო. მათი ინფორმაციით, გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღწერილია, რა მოხდა 2017 წლის პირველ დეკემბერს. დასკვნა 16-გვერდიანია, მოკლე ვერსია პრესრელიზის სახით გავრცელდა.

„დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნის პირველი ნაწილი, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები – თუ რა მოხდა 1 დეკემბერს ხორავას 4-ის ეზოში.

კომისიის დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს.

კომისიამ მოიპოვა არაერთი ჩვენება, რომლითაც დასტურდება მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონა და ჩხუბისას მისი გამოყენება. მტკიცებულებების მიხედვით, ეს საგანი მ.კ.-მ: ა) აჩვენა 51-ე სკოლის წინ თავის მეგობრებს;

ბ) გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას;

გ) აჩვენა ჩხუბის შემდეგ მეგობრებს და აღნიშნა, რომ იმ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს.

მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს. მოცემული ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი, საკვანძო დეტალი.

ახალი გარემოების თაობაზე შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე კომისიამ ჩააყენა საქმის კურსში შსს და მოუწოდა დროული რეაგირებისკენ. მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის ქონა და ჩხუბის დროს მისი გამოყენება კიდევ უფრო ამყარებს კომისიის მხრიდან გაცემულ შუალედურ რეკომენდაციას, დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 2-ე ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით”.- ნათქვამია გავრცელებულ დასკვნის პირველ ნაწილში.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომას არ ესწრებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები. პროტესტის მიზეზი კი, როგორც ოპოზიცია აცხადებს,  გახდა დასკვნა, სადაც წერია, რომ ჩხუბისას მ.კ-ს ჰქონდა გარკვეული ნივთი, რომელსაც არასრულწლოვანები ტარს უწოდებდნენ. ასევე არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც სწორედ მ.კ. სწორედ ამ ტარს აჩვენებს მოზარდებს.

ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ისინი გაეცნობიან დოკუმენტს და ამის შემდეგ წარმოადგენენ შენიშვნებს.