“იმედია საქართველოს ეკლესია უპირობოდ დაუჭერს მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

– გარკვეული აზრით, უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის გამარჯვებაზე გადის საქართველოს ეკლესიის სრულფასოვანი თავისუფლებისა და განვითარების სამომავლო პერსპექტივაც.

რუსეთი კარგავს იდეოლოგიურ საცეცებს, მანიპულაციების საშუალებებსა და მაკონტროლებელ ბერკეტებს აღმოსავლეთ ევროპასა და მთლიანად რეგიონში. მესამე რომისეული ნიშაც თანდათან ემცრობა.

უკრაინაში რუსეთის ეკლესიის თვითნებურ-უზურპატორული ჰეგემონია ცალსახად კრემლის იმპერიალისტური ზრახვებისა და კოლონიალისტური ამბიციების მთავარი ტრიბუნა გახლდათ. რეალურად უკრაინის ექსპანსიისა და ასიმილაციის მცდელობას რუსული პროპაგანდა ახორციელებდა, რომელსაც ეკლესია ძერჟავნიკული პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობ ინსტრუმენტად სჭირდებოდა.

ამჟამად, როგორც ვხედავთ, КГБ-ს ემისართა დრტვინვა დემაგოგიურ ხასიათს ატარებს და კვლავინდებურად დიდი სქიზმით იმუქრება, რაც მხოლოდ ერთადერთ სურათს შექმნის სამყაროში: ისევ რუსეთი (და მის ორბიტაზე მყოფი ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესია) მოექცევა სრულ იზოლაციასა და განკერძოებაში და არა სხვა რომელიმე ეკლესია.

იმედია საქართველოს ეკლესია უპირობოდ დაუჭერს მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

მართლმადიდებლურ მსოფლიოში ისტორიული ჭეშმარიტება, კანონიკური სამართლიანობა და მორალური პრინციპები იმაზე უფრო მყარი, არგუმენტირებული და ძლიერია, ვიდრე ბირთვული შეიარაღება და ურანის რესურსი!