საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მე-2 როტაცია დაიწყო

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-2 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიმართა, სწავლების დაწყება  მიულოცა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სწავლების მეორე ეტაპს მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაივლის და წვრთნებს საბრძოლო მომზადების ცენტრი, აშშ-ის I კავალერიის ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, JTEC-ისა და საერთო საჯარისო ცენტრის ინსტრუქტორები და J-7 დეპარტამენტის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.

სწავლება ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში ჩატარდება და ასეულის დონის საბრძოლო სროლებს, სიტუაციურ სწავლებასა და საველე გასვლას მოიცავს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მეორე როტაცია 2018 წლის 3 სექტემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება.

პროგრამას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, საფუძველი 2017 წლის აგვისტოში ჩაეყარა და მისი მიზანი საქართველოს შიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაა.