ზარდიაშვილის ახალი ინიციატივა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებით

ვანო ზარდიაშვილის ინიციატივით პარლამენტი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით  ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ინიციატივით პარლამენტი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნასთან, დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით  ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაზე მუშაობს, რომლითაც დარეგულირდება სახელმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცებისა და გამოყენების წესი.

„სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი, სუბიექტური მოსაზრებით, დასაბუთების გარეშე ცვლის უწყებრივ სიმბოლოებს, რომლებიც ელემენტარულ ჰერალდიკურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, ამავე დროს, არ ექცევა ყურადღება სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი სამართლებრივი სისტემა, რომელიც აღმოფხვრის დღეს არსებულ ხარვეზებს”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

პროექტის მიხედვით სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს დაამტკიცებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან თვითმმართველი ერთეული წარმომადგენლობითი ორგანო, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ასევე, დარეგულირდება სახელმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცებისა და გამოყენების წესი. შეიქმნება სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტების ერთიანი სახე. ეროვნული ბანკი, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მონაწილეობით იმუშავებს ფულის ნიშნების მხატვრულ სახეზე, რათა იგი შესაბამისობაში იყოს ჰერალდიკურ ნორმებთან.

კანონის პროექტი უკვე განიხილა ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის კომიტეტებმა, რომლის წევრებმაც მხარი დაუჭირეს აღნიშნული პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას. უახლოეს პერიოდში იგეგმება კანონის პროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.