4 დღით ადრე სოხუმის დაცემამდე! – უნდა გავამაგროთ ქალაქი, გადავარჩინოთ სოხუმი…

1993 წელი. 24 სექტემბერი.

საქართველოს  რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურმა ე. შევარდნაძემ რადიოთი მიმართა სოხუმის მოსახლეობას და ქალაქის დამცველებს:

„…სოხუმელებო, საქართველოს მოქალაქენო!.. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი გმირობით, ვაჟკაცობითა და თავდადებით… სეპარატისტებს და ავანტიურისტებს, რომლებსაც ისტორია გაასამართლებთ, უნდათ, რომ ქართველმა კაცმა ამ ქართულ ქალაქში აღარ იცხოვროს. ბევრს უნდა, რომ გაგრის ტრაგედია სოხუმშიც გაიმეოროს… ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიჭირთ. ბევრმა გასაგები მიზეზების გამო დატოვა სოხუმი, მაგრამ თქვენ აქ დარჩით იმისთვის, რომ იბრძოლოთ სოხუმისა და საქართველოსთვის… მოგმართავთ თქვენ, სოხუმის მოქალაქენო, მოგმართავთ ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და გენერლებს: (…) ჩვენ არ გვაქვს უფლება შევდრკეთ, ჩვენ ყველანი ჩვენს ადგილზე უნდა ვიდგეთ. უნდა გავამაგროთ ქალაქი, გადავარჩინოთ სოხუმი… მე მინდა გითხრათ ისიც, რომ (…) ბატონი ჟიული შარტავა, მისი კოლეგები, ქალაქის ხელმძღვანელობა, ქალაქი და მთელი რაიონები, რომლებიც სოხუმს გარს არტყია – ყველანი საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამას კარგად ხედავს ჩვენი მოწინააღმდეგე და ამიტომაც ასეთი სიძულვილით და ასეთი გამძაფრებით ებრძვის, ანგრევს ჩვენს საყვარელ სოხუმს… მე მინდა ყველას გთხოვოთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეინარჩუნოთ თქვენთვის ჩვეული გამძლეობა, ვაჟკაცობა და თუ რომელიმე ქუჩაზე, რომელიმე უბანში გამოჩნდება მტერი, მას ისე უნდა დავხვდეთ, როგორც ეს მტერს ეკადრება“.

მანამდე კი, 21-23 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმები, აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული „ბოევიკები“ სოხუმის შემოგარენში შემოვიდნენ.

სოხუმის “შუქურას” რაიონში მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო უპირატესობის მიღწევა, მაგრამ სამაგიეროდ წინ წაიწია შრომის მხრიდან და სოხუმის ფუნიკულიორს მიადგა. შემდგომ მთლიანად აიღო აჩადარა და ლეჩქოფის სასაფლაოდან გავიდა ცენტრალურ სადგურთან, გადაკვეთა რკინიგზა, გავიდა ზღვის სანაპირომდე და ალყაში მოაქცია შუქურას მიდამოებში მებრძოლი ბატალიონები; მეორე ნაწილი გაუყვა ჭოჭუას ქუჩას და ე.წ. ტრაპეციის მთასთან (ფუნიკულიორის მოპირდაპირე) შეუერთდა შრომის მხრიდან შემტევ შენაერთს.

23 სექტემბერს შევარდნაძემ სოხუმში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც შეაფასა შექმნილი მძიმე ვითარება.

შემდეგ კი, 24-ში რადიოთი მიმართა.

მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული და რთული იყო, ყველა გრძნობდა, რომ დენთის კასრი მალე აფეთქდებოდა და აფეთქდა კიდეც… 24-26 უმძიმესი დღეები და 27 სექტემბერი-სოხუმის დაცემის დღე!