“გააკეთებენ მაშინ, როცა ყურადღება მოდუნებული იქნება, რით არ ჰგავს ეს გენოციდის სცენარს?”

მამა ანდრია ჯაღმაიძე

-ისტორიაში ცნობილია დიდი გადასახლებები და კიდევ უფრო დიდი გადასახლებების გეგმები. ვიცით, რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში მომხდარა მაშტაბური გენოციდები, აღიარებულიც და ჯერ არ აღიარებულიც.
რასაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვაკვირდებით , ეს არის ანტიეროვნული პოლიტიკის გატარების მცდელობა.

ნაწილი კანონმდებლებისა, სასამართლოები და ნაწილი უმსხვილესი ბიზნესით დაინტერესებული ჯგუფებისა (მაგ. აზარტული თამაშები) თითქოს ჭადრაკის დაფასთან სხედან მთელს ერთან და სხვადასხვა მზაკვრობებს ამზადებენ. თუ მათი შემდეგი სვლები ვერ გავთვალეთ, დაგვასწრებენ და უჩუმრად, რაიმე ახალი უბედურების მომასწავებელ გარემოებებს შექმნიან. ამას გააკეთებენ მაშინ, როდესაც ყველაზე უფრო მოდუნებული გვექნება ყურადღება. ამას გააკეთებენ ახალი წლის წინ ბოლო სამუშაო დღეს ან აგვისტოს დასაწყისში, როდესაც ყველა დასასვენებლადაა გასული დედაქალაქიდან.
ადამიანს გეგონება, რომ მათი ამოცანა ისეთია, რომ ხელი უნდა შეეწყოს ხალხის გაღარიბებას და ამ ქვეყნიდან გადახვეწას თავის გადასარჩენად, სხვა ეთნოსის მიერ ჩვენი ტერიტორიების დაკავებას, ნარკოტიკების გავრცელებას, აბორტების წახალისებას, ოჯახების დანგრევას და ა. შ.

რით არ ჰგავს ეს გადასახლების ან გენოციდის სცენარს?

ამ ფონზე გვეფიქრება, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სკანდალი დაგეგმილია და ემსახურება მის დისკრედიტაციას, რათა ამგვარ ძალადობრივ პოლიტიკას ხელი არ შეეშალოს.