“შეცდომა მოუვიდათ დიზაინერს, რის გამოც ძალიან ვწუხვართ”

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში  ყრილობა გაიმართა, სადაც FIDE-ს პრეზიდენტი აირჩიეს.

ყრილობას ხანტი-მანსიისკის დელეგაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სხვა სუვენირებთან ერთად მიიღეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გია გიორგაძემ ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობა, რომელმაც თავის მხრივ სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკა ამოიღო.

ფაქტზე კომენტარი  რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. მისი განცხადებით, შეცდომა მოუვიდა დიზაინერს და იმ ქართულ სტამბას, სადაც აღნიშნული რუკა დაიბეჭდა.

„ეს არის დიზაინერის შეცდომა რის გამოც ბოდიშს ვიხდით მე არც მქონდა ნანახი ეს რუკა. დღეს მას პირველად ვხედავ და არამგონია ეს იყოს იდეოლოგიური დივერსია. პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეცდომა მოუვიდათ დიზაინერს, რის გამოც ძალიან ვწუხვართ ,“-განაცხადა რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ლუხოვსკიმ.