“მე რა დავაშავე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ კრედიტი, იჭირვებენ და პატიოსნად ფარავენ”

ვალების განულების შესახებ პრემიერის განცხადება, საარჩევნო კოდექსთან წინააღმდეგობაშია – აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი. მისი თქმით, საკითხი აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს:

“ეს ქმედება აუცილებლად სადაო გახდება და აუდიტის სამსახურმა პასუხისმგებლობით უნდა შეისწავლოს, იმიტომ რომ არც უცხოელი და არც ადგილობრივი დამკვირვებლები, ამას ასე ადვილად არ გაატარებენ. მითუმეტეს, როცა ინიციატივას პრემიერ-მინისტრი ახმოვანებს საჯაროდ, საარჩევნო პერიოდში. ამას აგიტაციის ნიშნები აქვს, თან შემოწირულობის სახით და შემოწირულობა როგორ შეიძლება იყოს 1,5 მილიარდი ლარის. აუდიტის სამსახურმა უნდა ივაჟკაცოს“, – განაცხადა ალაფიშვილმა.

ალაფიშვილის თქმით, თეორიულად შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ფონდი “ქართუ” ბანკებს ესაუბრა და ვალები დაფარა, მაგრამ “შენ ვინ ხარ, პრემიერი? რატომ ახმოვანებ ამას? და რატომ იყენებ ახლა“? ამბობს ალაფიშვილი.

“თავისი ფულია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ ძალიან ძვირი უჯდება”, – ამბობს ალაფიშვილი იმ განცადების კომენტირებისას, რომ ვალს მთლიანად “ქართუ” ფარავს.

რაც შეეხება ვალების განულების მექანიზმს, ალაფიშვილის შეფასებით, ამ ფულის ბაზარზე მოხვედრა საფინანსო სექტორში პრობლემებს გამოიწვევს. მისივე შეფასებით, ვალების განულების ინიციატივა, პასუხისმგებლობას კლავს.

“ამ რაოდენობის თანხა ბაზარზე რომ გავა უცებ, ისიც ხომ დათვლილი უნდა იყოს. მილიარდ ნახევარი ორ კვირაში აღმოჩნდება ბრუნვაში. ალბათ ბანკებს ეტყვის ეროვნული ბანკი, რომ არ დახარჯოთო
მე რა დავაშავე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ კრედიტი, იჭირვებენ და პატიოსნად ფარავენ. ხვალ რომ მე გამიჭირდეს, ხომ მივადგები ფონდ “ქართუს” და ვერც მეტყვის უარს. რას მიპასუხებს?!- ახლა არჩევნები არ არის და ამიტომ ვერ გადაგიხდითო? “ქართუ” ამ გადაწყვეტილებით ფაქტიურად დამთავრდა, როგორც ორგანიზაცია”, – განაცხადა ალაფიშვილმა.