რიმა ბერიძე 4 ათასი ლარით დაჯარიმდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საკრებულოს წევრი რიმა ბერიძე 4 ათასი ლარით დააჯარიმა.

თორდიას უწყებამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორმოცამდე პედაგოგისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის, კერძოდ რიმა ბერიძის სასარგებლოდ ჩატარებულ ღონისძიებად ჩათვალა:

“ქალბატონ რიმასთან დაკაშირებით, როგორც გახსოვთ, ორმოცამდე პედაგოგისთვის განხორციელდა უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, ასევე ამ პროცესის ორგანიზებაში ჩართული იყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს პროექტი განხორციელდა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ და ეს არის ქართული ოცნების წარმომადგენელი, ქალბატონი რიმა, შესაბამისად ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო სამართალდარღვევის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული ქმედება და ამიტომ მივმართავთ სასამართლოს ამ მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებები არის, ერთი საჯარო განცხადებები, მედიის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია“ – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.

ადრე რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ მას კანონი არ დაურღვევია და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრალდებაზე განაცხადა:

-“მე გახლავართ ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ჩემი უფლება-მოვალეობაა და პირდაპირ საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მავალდებულებს რომ მე ვიზრუნო ადამიანებზე, ხელი შევუწყო მათ კეთილდღეობას.

მიმაჩნია, რომ არ დამირღვევია კანონი, რადგან მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩემს მიერ ძალიან ბევრი აქცია იქნა ჩატარებული და კვლავაც გავაგრძელებ სიკეთის კეთებას”,-განაცხადა რიმა ბერაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდოდ კანონის დარღვევით მონაწილეობის ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

კომენტარის დატოვება