სოციალურ-ეკონომიკურ გარემოსთან დამარცხებული პოლიტიკა

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამებში, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლა იმდენადაა წარმოდგენილი რამდენიც პრეზიდენტის უფლებამოსილებაა.

საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. მართალია მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკური ძალაუფლება შეკვეცილია, მაგრამ რადგანაც არჩევნებით, ხალხის ნდობის გამოცხადებით აირჩევა მეთაურად, შესაბამისად:

  • პრეზიდენტის ქარიზმატულ და პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობას გავლენის მოხდენა შეუძლია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებზე (ქვეყნის განვითარება ხომ ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებზეა დამოკიდებული);
  • პრეზიდენტს შეუძლია გლობალურ პოლიტიკაში ქვეყნის გაძლიერება და ლიდერი პოზიციების მოპოვება (რადგან წარმომადგენლობით უფლებამოსილებებსა და მოლაპარაკებებს ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან);
  • პრეზიდენტს, ქართული რეალობიდან გამომდინარე შეუძლია ახალი პოლიტიკური გუნდისა და ახალი პოლიტიკური კონსტრუქციის ფორმირება, რაც ქვეყანაში ახალ ეკონომიკურ ტალღას წარმოქმნის;

აღსანიშნია საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა ეკონომიკისათვის. საზოგადოებამ იცის როგორ მუშაობს ეკონომიკა, როგორ ნაწილდება შემოსავლები, როგორ არის უზრუნველყოფილი სოციალური გარემო, რამდენად არის ეკონომიკურად დაცული ცალკეული საზოგადოებრივი კლასი, რის ხარჯზე მიიღწევა კარგი ეკონომიკური სიახლეები. ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ რამდენადაც ვითარდება ეკონომიკა, ამომრჩეველიც იმდენ ნდობას უცხადებს პოლიტიკურ პარტიებს, მათ მიერ პირდაპირ თუ ირიბად წარმოდგენილ სუბიექტებს.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატების პრიორიტეტების შეფასების საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გარემოებები:

  • სალომე ზურაბიშვილის პრიორიტეტებში ხაზგასმულია ტურიზმი, კულტურა, ჯანდაცვა, სპორტი, მედიცინა. აღნიშნულია ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტიები, საზოგადოების ერთიანობის საჭიროება, რეგიონების გაძლიერება, ევროპული სტანდარტები და ევროკავშირში ინტეგრაცია, ახალგაზრდებისა და დიასპორის როლი. თუმცა აქცენტები გაკეთებული არ არის ისეთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე, როგორიცაა: განათლება და მეცნიერება, ციფრული და საინვესტიციო პოლიტიკა. ჯამში, პროგრამა მწირი და არასრულყოფილია, შესაბამისად ფართო ანალიზის შესაძლებლობასაც არ იძლევა. ასეთი პროგრამა ხაზს უსვავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს გუნდში არ ჰყავს „მეზარბაზნეები“ – ეკონომისტებისა და აკადემიური პირების სახით;
  • გრიგოლ ვაშაძის პრიორიტეტებში ხაზგასმულია განათლებაზე, მეცნიერებაზე, ჯანდაცვაზე. აღნიშნულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: გადასახადები, დასაქმება, სოციალური უსაფრთხოება, ნარკოპოლიტიკა, უსაფრთხოების პოლიტიკა. ნაჩვენებია ეკონომიკის, ტერიტორიული მთლიანობის, გარემოს დაცვისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხები. პოპულისტურია გადასახადების, აქციზის, დღგ-ს შემცირებაზე საუბარი, რადგან შემცირება ყოველთვის ადვილია, ხოლო ბიუჯეტის შევსების წყაროების მოძიება რთული. უფრო მეტად პოპულისტურია ხელფასებისა და პენსიების ზრდის დაპირებები. გაურკვეველია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გაორმაგების გზებიც. იმიტომ, რომ ასეთი უფლებამოსილება პრეზიდენტს არ გააჩნია. ხოლო თუ პოლიტიკურ გუნდს შეუძლია ერთის მხრივ გადასახადების, აქციზის, დღგ-ს შემცირება, ხოლო მეორეს მხრივ ხელფასების და პენსიების ზრდა, შეეძლოთ საკანონმდებლო ორგანოში პროგრამების სახით წარმოედგინათ და საზოგადოებისათვის სიკეთე მოეტანათ. ჯამში, შეიძლება აღინიშნოს, რომ პროგრამა გაცილებით უფრო მრავალმხრივია, თუმცა პოპულისტური ჟანრის. გამოირჩევა ტრადიციული მიდგომებითა და ძველი პოლიტიკური აქცენტებით.

შედარებისათვის, თითოეულზე შეიძლება აღინიშნოს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტები და პოლიტიკური შესაძლებლობები ერთმანეთთან დაშორებულია. შესაბამისად, როგორიცაა მათი საპრეზიდენტო ქარიზმა, პოლიტიკური ტექნოლოგიები და პროგრამები, ისეთივეა საარჩევნო აქტივობა და ამომრჩევლის მიერ მათი „შეფასება“. ამიტომაც გახდა საჭირო ქვეყანაში მეორე ტურის დანიშვნა.

პრეზიდენტი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. ამიტომ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ იმ მოცემულობს ფონზე, როდესაც პოლიტიკური გარემო თავს ვერ ართმევს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, საგარეო ვალებსა და პასუხგაუცემელ კითხვებს, ტიტულებს მხოლოდ „პოლიტიკური დრო გაჰყავს“,  ხოლო საზოგადოების მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. პოლიტიკური ასპარეზი არ აქვს საზოგადოებრივ ძალას, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას  შეძლებს. არ გვაქვს პოლიტიკური მოცემულობა, სადაც დამოუკიდებლად შეიძლება ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ტალღის შექმნა. სამწუხაროდ, მოცემული საპრეზიდენტო არჩევნებიც ამის იმედს არ იძლევა.

სამწუხაროდ, პოლიტიკურმა გარემომ შექმნა მოცემულობა, რომლითაც არჩევნებში  „არჩევანის შესაძლებლობა“ არ გაქვს. ასარჩევად წარმოდგენილია ის პოლიტიკური სუბიექტები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა და პოლიტიკური იმედები დაბალია. ამ ფონზე, პოლიტიკური გარემო, იმედგაცრუებული საზოგადოების შეფასებას აღიქვას „ერთი კუთხით“ და ოპოზიციურ კრიტიკად,  ხოლო დამოუკიდებელი ანალიტიკოსების შეფასებებს კი „პარტიზანულ  ინტერპრეტაციებად“.

გამოსავალი მხოლოდ ისევ იმ ღირსეული პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ხელშია:

  • რომლებიც აღარ ეთანხმებიან ეკონომიკურ და სოციალურ გარემოსთან დამარცხებულ პოლიტიკას და სურთ ახალი პოლიტიკური გარემოს შექმნა;
  • რომლებიც იღწვიან ახალი პოლიტიკური ძალების აქტივიზაციის ხელშეწყობისთვის (დაარა გაკოტრებული პოლიტიკის გაცოცხლებისაკენ);
  • რომლებიც ისწრაფვიან თავისი კვალი დატოვონ ქვეყნისათვის სასიკეთო პოლიტიკური ველის შექმნით;
  • რომლებიც ოჯახის, ქვეყნისა და ერის წინაშე თავს მოვალედ თვლიან შეცვალონ ქართული პოლიტიკური გარემო და ღირსეულად უკვდავყონ თავიანთი სახელი.

დაბოლოს, თუ საზოგადოება არჩევნებში ხმა არავის მისცემს, სუსტი ლეგიტიმაცია ყველას (ოპოზიციას და პოზიციას)  აიძულებს ახალი პოლიტიკური გარემოს შექმნისა და ქვეყნის რეფორმირებისაკენ.