„არ იქნება დამაჯერებელი გამარჯვება,რაც მოწინააღმდეგეს გაპროტესტების და პროცესების ქუჩაში გადატანის საშუალებას მისცემს“

სულ რამდენიმე საათი და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნება. როგორი იყო წინასაარჩევნო კამპანია, რა შეიცვალა პირველი ტურის შემდეგ, რა პროგნოზი აქვს სოსო მანჯავიძეს და ელოდება თუ არა ის ქუჩის აქციებს?

არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენ სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით.

– პირველი ტურის შემდეგ,რომელიც უმძიმესი შედეგებით დამთავრდა მმართველი პარტიისათვის,”ქართული ოცნება” შეეცადა გაეკეთებინა მის ხელთ არსებული ყველა რესურსის მობილიზაცია.

სავარაუდოდ,ეს ღონისძიებები მას დამატებით მოუტანს ხმების4-5%, რაც არჩევნებში მინიმალური განსხვავებით გამარჯვებას ნიშნავს.

ანუ,დიდი ალბათობით,ეს არ იქნება დამაჯერებელი გამარჯვება,რაც მოწინააღმდეგეს არჩევნების შედეგების გაპროტესტების და პროცესების ქუჩაში გადატანის საშუალებას მისცემს.

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას.ამ არჩევნებმა საზოგადოების უპრეცედენტო პოლარაზაცია გამოიწვია.ჩამოყალიბდა ორი ელექტორალური ჯგუფი,რომლებიც ერთმანეთის მიმართ უკიდურესი სიძულვილით არიან გაჟღენთილები.

ამ ორ ჯგუფს აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებათა შკალა აქვთ და დიდი სიამოვნებით გააქრობდნენ ერთმანეთს,ამის საშუალება რომ ჰქონდეთ.

აქედან გამომდინარე, ყველა ნორმალური ადამიანის ამოცანა უნდა იყოს,რომ ეს ურთიერთსიძულვილის ჯინი ბოთლიდან არ ამოვარდეს და ქვეყანა ახალ უბედურებაში არ ჩავარდეს

-თქვენი ხედვით, რა მოხდება არჩევნებში ვაშაძის ან ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში.

ვაშაძის გამარჯვება არსებული პოლიტიკური ლანდშაფტის დრამატულ რღვევას გამოიწვევს,პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამოქალაქო დაპირისპირების დიდი ალბათობით. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება არ გააძლიერებს ოცნებას,ხოლო საზოგადოებას მიეცემა საშუალება ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას და შეცვალოს “შუა გაკრეფის” და კოჰაბიტაციის შედეგად ჩამოყალიბებული მახინჯი რეალობა.