“განსაკუთრებით მინდა გამოვეხმაური პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას”

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვერსიით, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარი იქნება.

ასევე, 140-დან 60-მდე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა.

პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.

ამ ინფორმაციას მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არაკვალიფიციური ინიციატივაა.

აბაშიშვილის თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება მიზანმიმართულად მიმდინარეობდა.

“ამის კულმინაცია იყო სწორედ ბოლოს უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. ახლაც დევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანონის პროექტი პარლამენტიდან შემოსული, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან აუცილებლად ამის შესახებ უნდა ჰკითხოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდებოდა და ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის დასუსტება პრეზიდენტის ინსტიტუტის.

ვის შეუძლია იმსჯელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაფინანსების რაოდენობაზე, გარდა იმისა, ვინც ამას ახორციელებს. არავის ჩვენთვის ეს არ უკითხავს და ამ საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, ვისაც არანაირი შეხება პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა.

განსაკუთრებით მინდა გამოვეხმაური სარეზერვო ფონდის გაუქმებას პრაქტიკულად, იმიტომ, რომ მთლიანად წაღებულია ის თანხა, რომელიც იყო განსაზღვრული სარეზერვო ფონდში. სარეზერვო ფონდიდან მარტო ამ წლების განმავლობაში, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოტეკების დაფინანსებას, მათ შორის მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსება. ამ ყველაფერს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან. ახლა შემდგომი პრეზიდენტი სრულიად გაურკვეველია როგორ განახორცხიელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.