ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ!-ონკოლოგთა ასოციაცია თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში ონკოლოგთა ასოციაციამ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართა და თამბაქოს კონტროლის გამკაცრების მიზნით კანონმდებლობის და ადმინისტრირების წესების შეცვლა მოითხოვა.

„მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას. ამიტომაც ვუერთდებით „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინიციატივას და მოვითხოვთ პარლამენტმა უახლოეს პერიოდში განიხილოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომლის მიღების შედეგად ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში და ტრანსპორტში აიკრძალება თამაბაქოს მოწევა, უარს ვიტყვით თამბაქოს რეკლამასა და პოპულარიზაციაზე, გამარტივდება ადმინისტრირება, გაიზრდება საჯარიმო სანქციები და განხორციელდება მსოფლიოში აპრობირებული ღონისძიებები.

მრავალ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გამკაცრების შემდეგ ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იკლებს ფილტვის კიბოს სტატისტიკა. საქართველოში კი ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება. სიმსივნეს მრავალი მიზეზი იწვევს, მათ შორის თამბაქოს მოხმარება. წელიწადში 10.000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გვეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. ყოველდღიურად მატულობს თამბაქოთი გამოწვეული სიმსივნეების, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს შემთხვევები. აღნიშნული დაავადებები ახალგაზრდავდება და უკვე ხშირია ქალებს შორის. ანალოგიური მდგომარეობაა გულსისხლძარღვთა, რესპირაციული, პედიატრიული, რეპროდუქციული და მრავალი სხვა დაავადებების მხრივ. სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა კლინიკური პროგრამების სახით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ დაავადებათა სამკურნალოდ, ვიბრძვით ექიმები, მაგრამ უამრავი პათოლოგიის თავიდან აცილება უფრო იოლად შეიძლება თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებით. ამიტომაც ვთხოვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს, ნუ გადადებთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონმდებლობა, რომელიც შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას და მისი მომაკვდინებელი ზეგავლენისაგან თაობებს გადაარჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ კიდევ უფრო გაიზრდება თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული საგანგაშო ციფრები, რომელიც მხოლოდ ფურცელზეა ციფრი, სინამდვილეში კი, ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ.“ – ნათქვამია ონკოლოგთა ასოციაციის საგანგებო განცხადებაში.

კომენტარის დატოვება