საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის პარლამენტში

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე რეგიონში ნატოს ჩართულობის უფრო მაღალი ხარისხი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრებზე განიხილა. ეროვნულ ასამბლეაში, ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტთან ჟაკ ბრიდესთან და სენატში, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შეიარაღებული ძალების კომიტეტის პრეზიდენტთან კრისტიან კამბონთან პოლიტიკური დიალოგი ლევან იზორიამ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერების თვალსაზრისით გამართა.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გვექნება მნიშვნელოვანი დიალოგი, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონში ერთობლივად უსაფრთხოება და რა გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ ნატოს ჩართულობა იყოს უფრო მაღალი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ.