ირაკლი ღლონტი ბურჭულაძის გუნდს შეუერთდა

  “რეფორმატორების”  ლიდერი ირაკლი ღლონტი პაატა ბურჭულაძის გუნდს შეუერთდა. ინფორმაციას ღლონტი სოციალური ქსელით ადასტურებს.

-„ვადასტურებ, რომ კონსულტაციების შემდეგ მე შევუერთდი ბატონი პაატა ბურჭულაძის გუნდს, როგორც წამყვან ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის მიზანიც ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ეფექტური მენეჯმენტია. მე არ ვიქნებოდი მართალი, თუ ყველაზე ჯანსაღ ძალას არ შევუერთდებოდი და არ დავუჭერდი მხარს. მე ამ გუნდში დავინახე პროფესიონალიზმი, ცოდნა და რწმენა სახელმწიფოს ტრანსფორმირებისთვის, რის საფუძველზეც უკვე რეალური გახდა სახელმწიფო გახდეს ხალხის !

თქვენ ყველას გახსოვთ, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დაწყების მთავარი საფუძველი რეალობის შეცვლა და განახლება იყო, დღესაც იგივე მონდომებით, იგივე ძალისხმევით თქვენთან ერთად ვიბრძოლებ არასახარბიელო მდგომარეობის ცვლილებისთვის და ვეცდები მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო უმძიმესი ფისკალური და ეკონომიკური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

მჯერა, დადგა დრო, სახელმწიფოს მმართველობა ხელში აიღოს პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პროფესიონალიზმის ხარჯზე, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად უზრუნველყოფს ქვეყნის ეფექტურ მართვას. ჩემო მეგობრებო, მხარდამჭერებო, გულშემატკივრებო, კრიტიკოსებო, მე ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს ძალა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ორგანიზაციაა !

აქვე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს, რომელიც ახლაც ჩემთან ერთად დგას და უკვე ბატონ პაატა ბურჭულაძის გუნდთან ერთად ვგეგმავთ დიდუბის 15 ოლქში გამარჯვებას!“-წერს ირაკლი ღლონტი.

 

 

კომენტარის დატოვება