დღეიდან გაცემულ ხელფასებზე 2% შენატანები საპენსიო ფონდში უნდა გადაირიცხოს

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იანვარში გაცემულ ხელფასებზე 2-პროცენტიანი შენატანები უკვე საპენსიო ფონდში უნდა გადაირიცხოს. გადარიცხული თანხა  მოქალაქეთა პერსონალურ საპენსიო ანგარიშებზე აისახება. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა დასაქმებულ ან თვითდასაქმებულ მოქალაქეს, ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს. სისტემაში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის პირებისთვის – დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით 40 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.

დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდათ 40 წელი, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია. თუმცა, 2019 წლის პირველ იანვარს სქემაში ისინიც ჩაერთვებიან. სისტემის დატოვება მათ 2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ.

თვითდასაქმებულებს სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით შეუძლიათ. თუმცა, მათ ფონდში შემოსავლის 4 პროცენტის გადარიცხვა მოუწევთ. ამ შემთხვევაში, ორ პროცენტს სახელმწიფო დაამატებს. თვითდასაქმებულებს რეგისტრაცია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე შეეძლებათ.

როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი, ლევან სურგულაძე აცხადებს სისტემა უკვე მზადაა და 3 იანვარს დილის 09:00 საათიდან ადამიანებს შეეძლებათ სისტემაში შესვლა ინსტრუქციის მიხედვით.