წითელას აცრა ყველასთვის უფასო იქნება

კახეთში ბოლო სამი დღის განმავლობაში წითელას კიდევ რამდენიმე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამდაცვის კახეთის განყოფილების მონაცემებით, ჯამში 44 ადამიანია გამოვლენილი, თუმცა ამ ეტაპზე საავადმყოფოში არცერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.

რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ისევ საგარეჯო ლიდერობს.

დავით სერგეენკო წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და წითელას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება პირადად გააცნო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა პირის დაფინანსებას წითელას ვაქციანაციასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, წითელას აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, ხოლო შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.

აქამდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. არ არის გამორიცხული, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.