“რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

თავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე – დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

„როდესაც მეუღლე გავიდა აივანზე, აივნის დასალაგებლად, შეამჩნია ჯერ ნატყვიარი აივნის კარზე და მერე შემთხვევით ნახა მასრა. რომ დავინახე ეს ტყვია, ვუთხარი ისევ დაედო თავის ადგილზე. როდესაც დავრწმუნდი,რომ ეს არ იყო საახალწლო გართობა დავრეკე პოლიციაში.

ძალიან მიჭირს რამესთან დაკავშირება, ფაქტია,რომ აქ არის ტყვია და კარს ეტყობა ნატყვიარი“-ამბობს დავით ერაძე.

შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ, დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.

ნიკა გვარამიას თქმით, ფაქტზე რეაგირება სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დროულად მოახდინონ. მისივე განცხადებით, მოძალადეების წახალისება მსგავს ფაქტების გახშირებას ხელს უწყობს. 

“ჩვენ გავერკვევით დეტალებში. პირველადი ანალიზით, ეს არის თავდასხმა იმიტომ, რომ მუქარებიც იყო, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის შეიარაღებული თავდასხმა ჟურნალისტზე და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის გამო. მივმართავ საქართველოს პროკურატურასაც და შს მინისტრსაც, ჯერ ერთი, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს საქმე და მეორე, ასეთია მათ მიერ წახალისებული მოძალადეები, რომლებიც 5 ათას ლარიანი გირაოთი დადიან გარეთ და ახდენენ ორგანიზებას უკვე ჟურნალისტებზე თავდასხმისა. მე წინასწარ ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია პირადად ჩემთვის, რომ დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით. უმკაცრესი იქნება ჩვენი რეაგირება, ყველა სამართალდამცავ ორგანოს მოვუწოდებ, იყოს ადეკვატური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადავა მთლიანად მათი პასუხისმგებლობის სფეროში,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წყარო

რუსთავი 2