„არ დგას იმის აუცილებლობა, რომ თაფლი იყოს იმპორტირებული!..დააფასე ქართული პროდუქტი!“

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შსს-ს მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია და კომპანია ვითი სასაზღვრო პოლიციასა და სახელმწიფო დაცვის სამსახურს მოამარაგებს რუსული თაფლით, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულ კავშირი გამოეხმაურა.

-“საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს მიაჩნია, რომ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ტენდერი (ტენდერის განაცხადი CON180000093) სასაზღვრო პოლიციასა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თაფლით მომარაგების თაობაზე, არის მიუღებელი და ადგილობრივი თაფლის მწარმოებელი ფერმერების გაკოტრების წინაპირობა.

თაფლი არის ის პროდუქტი, რომელიც საქართველოში ხარისხიანი და საკმაო რაოდენობის იწარმოება და საერთოდ არ დგას იმის აუცილებლობა, რომ თაფლი იყოს იმპორტირებული და,მით უმეტეს, ყოვლად დაუშვებელია რუსული თაფლით ქართული თაფლის ჩანაცვლება.

ფერმერთა პროფკავშირმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიციას, რომ  სახელმწიფო სტრუქტურები განსაკუთრებით  უნდა იყვნენ დაინტერესებული ადგილობრივი ფერმერების გაძლიერებით, რაც თავისთავად მათ მიერ მოწეული პროდუქტების რეალიზაციის მხარდაჭერით უნდა გამოიხატოს. ჩვენი ფერმერების მიერ მოწეული პროდუქტი ამ ეტაპისთვის ისეთი ჭარბი არ არის, რომ სწორი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში რეალიზაცია გაჭირდეს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა….

რათ გვინდა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამები თუ ერთი სამინისტროს  წამოწყებულ პროექტს მეორე სამინისტროს არასწორი მიდგომა ძირშივე მოსპობს?

როდემდე უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი ფერმერების „ჩაძირვის“ პროცესები და თან ისეთი „კეთილი მეზობლის“ მიერ წარმოებული პროდუქტებით, როგორიცაა რუსეთი?

როდის უნდა ვისწავლოთ საკუთარის დაფასება და აღიარება?-აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი  1 თებერვალ 12 საათზე საჯარო ბიბლიოთეკაში სალექციო დარბაზში თავისუფალ შეხვედრას მართავს, სადაც პრობლემატურ საკითხებზე იქნება მსჯელობა.

ცნობისთვის,  ხელისუფლებას მიმართავს მეფუტკრეთა ასოციაცია და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისკენ მოუწოდებს. მეწარმეები ამბობენ, რომ ქართული ჯარისთვის პროდუქციის საჭირო რაოდენობით მიწოდების რესურსი ქვეყანაში არსებობს და თაფლის რუსეთიდან შემოტანის საჭიროება არ არსებობს.