“ბაზალელების” მეფე” შალვა ნათელაშვილი – სააკაშვილის წარუმატებელი პროექტი

“ბაზალელების” მეფე” შალვა ნათელაშვილი – სააკაშვილის წარუმატებელი პროექტი,,რომლის სასახლე კოსმოსიდანაც ჩანს” – ელზა ჯმუხაძე.

პარტია “მემარცხენე ალიანსის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ავჭალის #20 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა, ელზა ჯმუხაძემ დღეს საზოგადოებრივ პრესცენტრში საგანგებო ბრიფინგი გამართა, 8 სექტემბერს, სოფელ ბაზალეთში, “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივნის, სოსო შატბერაშვილის დუშეთის, თიანეთიდსა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენაზე, შატბერაშვილის კონკურენტ, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატ ნათელაშვილის მიერ დაგეშილი სამი აქტივისტის მიერ მონაწილეებზე პროვოკაციული თავდასხმისა და მუქარის თაობაზე.

„გუშინ გახლდით სოფელ ბაზალეთში, სადაც დუშეთის, თიანეთიდსა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარვადგინეთ ჩვენი ღვაწლმოსილი, გამობრძმედილი, უპატიოსნესი პოლიტიკოსი, ბ-ნი სოსო შატბერაშვილი, რომლის ერთერთი მთავარი კონკურენტი იქნება შალვა ნათელაშვილი, რომელიც ბაზალეთში ცხოვრობს. ნათელაშვილი რომ ბაზალეთში ცხოვრობდა, ეს ყველამ ვიცოდით, თუმცა დღეს უკვე კოსმოსიდანაც ჩანს მისი 4-სართულიანი სასახლე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგების შედეგად ნაშოვნი ფულით აიშენა მან და ამ სასახლემ კიდევ უფრო გაუმყარა მას წარმოდგენა, ალბათ ეს წარმოდგენები მას ადრეც ქონდა, მაგრამ დღეს უფრო თავდაჯერებულია იმაში, რომ ის გახლავთ იქაურობის ბატონი. მე ეს ინფორმაცია გუშინ მივიღე, ერთერთი ბაზალელი ქალბატონისაგან, რომელმაც პირდაპირ განმიცხადა, რომ დიახ, შალვა ჩვენი მეფეა და ჩვენ მას ყოველთვის დავემორჩილებითო.

გუშინ, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ დეპუტატობის კანდიდატი, მთელი პროცესი მიმდინარეობდა აბსოლუტურად მშვიდად, ბაზალეთის მოსახლეობა თვალს ადევნებდა სრული სიმშვიდით ამ პროცედურას და მხოლოდ მას შეწმდეგ, რაც დასრულდა კანდიდატის წარდგენა, ჩვენ გამოგვეცხადა სამი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი და ეცადნენ მოეწყოთ პროვოკაცია. მათ მიიღეს საკადრისი პასუხი. ჩვენ ავუხსენით იმ სამ ადამიანსაც კი, რომლებიც პრაქტიკულად ზომბირებულები იყვნენ, რომელთა მოქმედებასაც თვალს ადევნებდა მთელი სოფელი, მაგრამ მათ არავინ შეერთებია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბაზალეთის მოსახლეობა, დუშეთიც, ყაზბეგიც, თიანეთიც და მთელი საქართველოც უკვე კარგად არის გაცნობიერებული იმ ფაქტში, რომ შალვა ნათელაშვილი გახლავთ სააკაშვილის წარუმატებელი პროექტი. ხალხს ერთი ხმა გააჩნია და ამ ხმას ნამდვილად არ გაწირავს იმისათვის, რომ  ისევ დაბრუნდეს 9-წლიან დიქტატურის რეჟიმში. 9-წლიანი დიქტატურის გაგრძელება იქნება, თუკი ამომრჩეველი დაიბნევა და შეშინდება მეფე შალვა ნათელაშვილის თვალების ბრიალით და მხოლოდ იმიტომ გააკეთებს მის სასარგებლოდ არჩევანს, რადგან ის არის ბაზალელი.

ბაზალეთი არის საქართველოს ტერიტორია, ჩვენი კანდიდატის საარჩევნო ტერიტორია და აქედან გამომდინარე ნუ გააკეთებს ისეთ განცხადებას ნურავინ, რომ შემოგვივარდნენო. ბაზალეთი პრივატიზებული არ არის, იგი საკუთრებაში არავის გადაუცია შალვა ნათელაშვილისთვის, ამიტომ „მემარცხენე ალიანსს“ სრული უფლება ჰქონდა მისულიყო და წარედგინა თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის ღირსეული კანდიდატი იქ, სადაც მას სურდა და ეს იყო ბაზალეთი. „მემარცხენე ალიანსი“ მზად არის დაუპირისპირდეს ყველა გამყიდველ, ყველა მოღალატე ძალას, იქნება ეს შალვა ნათელაშვილი, თუ სხვა, და დაუმტკიცოს სიმართლე, რომელიც ერთადერთია: არ შეიძლება ივაჭრო ადამიანების ხმებით.

ჩვენ, იმ პროვოკაციის შემდეგ, რომელიც წარუმატებლად დასრულდა, მშვიდობიანად დავტოვეთ ბაზალეთის ტერიტორია, უამრავ ბაზალელს, რომელიც შორიდან გვადევნებდა თვალს, თვით იმ პროვოკატორებსაც კი, გავაგებინეთ რაში იყო საქმე. როდესაც არჩილ ბენიძეს, ჩვენი პარტიის ერთერთ ლიდერს, ეუბნებოდნენ რას ერჩი შალვასო, ბენიძემ მას განუცხადა – იმას ვერჩი, რომ შეეკრა ნაციონალებს და მე ციხეში გამიშვა, თავისი თანამებრძოლიო. მაგრამ, როგორც ჩანს საქმის კურსში იყო მეფე შალვა ნათელაშვილი, რომ მისმა პროვოკაციამ მიზანს ვერ მიაღწია და გზაში, სოსო შატბერაშვილს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ადამიანი, რომელიც დაემუქრა მას და მის ოჯახის წევრებს  ფიზიკური ლიკვიდაციით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შესახებაც ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ უწყებათაშორის კომისიას და სამართლებრივი რეაგირება მოვითხოვეთ, აღნიშნული საკითხზე პროლკურატურაც უკვე ჩართულია და გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ პარტია საქმის კურსში ჩააყენებს როგორც დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, ასევე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. თმის ღერი არ ჩამოუვარდეს არა თუ სოსო შატბერაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, არამედ „მემარცხენე ალიანსის“ ერთ მძღოლსაც კი, თორემ პირდაპირ ხელს ვადებ შალვა ნათელაშვილს, იმიტომ, რომ ეს მუქარა მის მიერ წაქეზებული და გზაკვალაბნეული 3 ადამიანისაგან მომდინარეობდა.

ჩვენ მზად ვართ დავდგეთ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, გავითავისოთ მათი ყველა ტკივილი, ყველა გაჭირვება, ყველა პრობლემა, და პირველ რიგში თუნდაც ის პრობლემა, რომ ვიღაცას საქართველო თავისი პრივატიზებული და ტყრუშული ღობით შემოფარგლული კარმიდამო ჰგონია და იმდენსაც არ ფიქრობს, რომ  ებედურებით, გაჭირვებით ჩაქცეულ სოფელში მრავალმილიონიანი სასახლის წამოჭიმვა გახლავთ სირცხვილი და ამ ადამიანის მორალურ სახეზე მეტყველებს. სახლის აშენება კი არავის შურს, სახლი უნდა აიშენოს ადამიანმა და წინ წაიწიოს, მაგრამ სოფელი, სადაც არ არის გზა, არავითარი პირობები, დაბეჩავებული, დამშეული ხალხი შენს გარშემო ტრიალებს, შენ ამ ხალხის გულის ტკივილი თუ გესმის, მილიონებით თუ გაქვს, არ უნდა აკადრო და თავზე არ უნდა წამოადგა ამხელა სასახლე.

მე მჯერა, რომ მოსახლეობა ყველაფერს ხედავს. დროა ავირჩიოთ და გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მე მოგიწოდებთ, ეს არჩევანი იყოს თქვენთვის 25 ნომერი, პარტია „მემარცხენე ალიანსი“ – განაცხადა ელზა ჯმუხაძემ.

კომენტარის დატოვება