მიმართვა წმინდა სინოდის ეპისკოპატს!

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი წმინდა სინოდის ეპისკოპატს საჯაროდ მიმართავს:

-“მღვდელმთავარი განმღრთობილ ადამიანს მოასწავებს”. წმ. დიონისე არეოპაგელი

დიახ, ჩვენ, ეკლესიის რიგითი თუ ნომინალური წევრები ეპისკოპოსთაგან მოვითხოვთ ღვთივსულიერ გულისხმიერებას, მამობრივ ყურადღებას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მშობლიურ მზრუნველობას, ობიექტურობასა და თავდადებას, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენის მხრიდან მათდამი (იერარქიის ჯანსაღი ნაწილისადმი) ერთგულება, მხარდაჭერა და გვერდში დგომა არაერთგზის დაგვიფიქსირებია, როგორც წერილობითად, ისე ზეპირი გამოსვლების მეშვეობით მედია სივრცეში, პრესაში, საზოგადოებივ წრეებსა თუ სოციალურ ქსელებში. მათი მხრიდან კი ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით უნდობლობას, იგნორირებას, ეგოიზმს, სიხისტეს, მერკანტილურ დამოკიდებულებასა და უსიყვარულობას, რაც თავის მხრივ ძალზე სამწუხარო და გულდასაწყვეტი მოვლენაა.

ჩვენთვის, განსაკუთრებით კი თეოლოგებისთვის, ყოვლადმიუღებელი და შემაშფოთებელია მღვდელმთავართა იმპერატიული პოზა, პედაგოგიზმი, შეუვალობა და დეკომუნიკაცია. მით უფრო იმ ფონზე, როცა ბრძოლის სარბიელის წინა ხაზზე, მხოლოდ ჩვენივე გულწრფელობით, პროფესიული კეთილსინდისიერებითა და სამრევლო პატიოსნებით ვიღვწით. თანაც შიშველი ხელებითა და სრულიად დაუცველი გარანტიებით. ამ ყოველივეს კი საერთო-საზოგადო სიკეთეზე ორიენტირება და უანგარო მოტივაცია გვაკეთებინებს და არა რომელიმე ავტორიტეტის მიმართ შებორკილი ლტოლვა, რამეთუ მორწმუნე ადამიანის ღირსება მხოლოდ პიროვნულ თავისუფლებასა და ქრისტოცენტრულ მიმართებაზე გადის და არა კორპორატიულ გემოვნებაზე.

ფილოსოფიას თუ მოვიხმობთ, საგულისხმოა, რომ არისტოტელე თავისუფალ მოქალაქედ არ თვლიდა იმ პიროვნებას, ვისაც დევნისა და სიკვდილის უფრო ეშინოდა ვიდრე ღირსების დაკარგვის!

სადღეისოდ, მნიშვნელოვანია ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ ეკლესიის იერარქიული საფუძველი სულიერია და არა ადმინისტრაციული. შესაბამისად მართლმკვეთელობა და პრინციპულობა უმთავრესად მეუფეთა მხირდან გადადგმულ მამაც ნაბიჯებსა და გამბედაობას გულისხმობს და არა დიდაქტიკურ თუ მენტორულ მოწოდებებს, სადაც ზოგიერთი მათგანი ცხოვრებას თითქოს და ჭადრაკის დაფად აღიქვამს, ფიგურებად – რომანტიკოს კრიტიკოსებს, ხოლო მოთამაშედ კი საკუთარ თავს. ნუ იყოფინ! საზარბაზნე ხორცად ვერ ვიქცევით, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და არავის მივცემთ ჩვენივე წესიერებისა და თავგანწირული აღტკინების ინსტრუმენტად გამოყენების საშუალებას!

დასანანია, რომ პრაქტიკულად არცერთმა ეპისკოპოსმა არ დაგვიცავით არცერთი გულღია და ეკლესიის ერთგული თეოლოგი საპატრიარქოს აგრესიისგან, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ გქომაგობდით და გგულშემატკივრობდით სიმართლის ასპარეზზე. ამ უყურადღებობას კი შემდეგნაირად ხსნიდით: “ჩვენი მხრიდან არ გამოვა, უხერხულია, პრობლემები შეგვექმნება” და ა.შ. თითქოს ჩვენ გვსიამოვნებდეს და თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ მტარვალ რეჟიმთან ჭიდილში! სწორს ამბობდა მარტინ ლუთერ კინგი: “საბოლოოდ, ჩვენი მტრების სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდება ძმებო”!

მოსყვასის საწუხარის მიმართ თანალმობას რაც შეეხება, ამაზე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: “სულიერი მამობა – ესაა სხვათა უბედურებათაგან შეიკრიბო საკუთარი მწუხარებანი”. სწორედ ეს მიდგომა და გარჯა ევალებათ კეთილ მწყემსებად მოხმობილ ეპისკოპოსებს და როცა ამას ვერ ვგრძონთ, ნუღარ გაგიკვირდებათ თუ ნაჩვევ პატივს ვეღარ იღებთ!

მიუხედავად ყველაფრისა და ესოდენ დამამცირებელი მოცემულობისა, თეოლოგები არ ვაპირებთ კონფორმისტულ გამყინვარებასა და ამჟამინდელი სისტემისა თუ მახინჯი კონიუქტურის “დანდობას”. უბრალოდ საჭიროა გააცნობიეროს ყველამ რომ კლერიკალური დიქტატი და თვითდაჯერებულობა, რეგალიებით წარმოებული დესპოტიზმი და საბჭოთა კომპლექსიანობა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შეუწყნარებელი ფენომენია. მოციქულთა მემკვიდრეთ უფრო მეტი სისადავე, სითბო და გულმხურვალე სოლიდარობა მართებთ და არა ტრაფარეტული ჰომილიების ტირაჟირება თუ ლიტონი დიპლომატია. ჩვენ თქვენსკენ, ხოლო თქვენ კი მარტოოდენ პირადი ამბიციებისა თუ მიზნებისაკენ? ასე სასურველ რეზულტატამდე ეკლესია ვერ მივა და დაგვრჩება მხოლოდ მყიფე ელიტურობა, იერარქიული ეტატიზმი და სულიერი ვაკუუმი, სადაც ქრისტიანობა – ჯვარცმული ქრისტეს გარეშე მყოფობაა და მეტი არაფერი!

დიახ, მართალი იყო წმ. მაკარი ეგვიპტელი, როცა ამბობდა: “წინამძღვრებს მართებთ ყველაზე მეტი შრომა გაწიონ, როცა მითითებებს იძლევიან, რადგან საკუთარ თავზე ფიქრისას ხელქვეითებზე მეტი თავმდაბლობა მათ მოეთხოვებათ”!

ამდენად, ელიტურობა, აკადემიზმი და მერიტოკრატული დისკურსი, არ შეიძლება გულცივობამდე და ყეყეჩებომდე დავიდეს! მართალია სულიწმინდაა წყარო მადლმოსილებისა, მაგრამ ლეგიტიმაცია მრევლიდან ეძლევათ სამღვდელო პირებს. ეს არის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი ასპექტი საეკლესიო მონოლითისა, სადაც ერთიანდება ღმერთი, იერარქია და თემი! ვინც ამ ანბანურ ჭეშმარიტებას ვერ აცნობიერებს, ის შორსაა ელემენტარული აღქმისა და განსჯისაგან. ვინც სიყვარულში არ შემოკრებს, ის განაბნევს!

პიროვნების კულტი, უპირობო ავტორიტეტი, აბსოლუტი და ერთმმართველი ლიდერები ღუპავენ ყველა ინსტიტუციას! დაუშვებელია ადამიანის გაიდიალიზება, როგორი “სრულყოფილი და სასურველიც” არ უნდა იყოს ის, რამეთუ ამგვარი მიდგომა უცილობელ უარყოფას იწვევს თუნდაც რანგით ზემდგომი მომაკვდავისა, რადგან ადამიანურ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს ყველასთან ვაწყდებით. ხიბლმა დაასნებოვნა მრევლი და დაუკარგა თავისი წილი პასუხისმგებლობა ღმერთთან ურთიერთობის გზაზე. ეს შეცდომა გაკვეთილი უნდა იყოს მომავალი თაობებისათვის!

ბოლოს კი მიქია წინასწარმეტყველის ბიბლიურ შეგონებას გავიხსენებ: “ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი. მხოლოდ სიმართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს; და რომ სიბრძნითა და მორჩილებით იარებოდე შენი უფლის წინაშე” (მიქ. 6,8). სწორედ ეს უნდა იყოს პათოსი ყველა ღვთისმადიდებელისა, ეპისკოპოსით დაწყებული, თეოლოგით გაგრძელებული და მრევლის წევრით დამთავრებული.

დიდება მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს! დიდება მართლმადიდებლობასა და ღირსებას. ამინ!