არაფერია უფრო საშიში, ვიდრე კორპორაციული სოლიდარობა მაშინ, როცა ეს მოსამართლეებს ეხება!

სოსო მანჯავიძე

-ვინც საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმებზე და მის დამოუკიდებლობაზე საუბრობს,ვურჩევ ყურადღებით წაიკითხოს დოკუმენტები,მაგალითად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი.
აქ ყველაზე საინტერესოა იუსტიციის საბჭოს წევრთა დაკომპლექტების წესი.

კერძოდ, 15 წევრიდან 8 მოქმედი მოსამართლეა,რომლებსაც ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია,ხუთს ირჩევს პარლამენტი,ხოლო ერთს ნიშნავს პრეზიდენტი.

მოსამართლეთა კონფერენციაიისეთივე იმიტაციური დემოკრატიის ორგანოა,როგორც სხვა მრავალი.
საბჭოს მეთხუთმეტე წევრია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,რომელიც ასევე თავმჯდომარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც.

უზენაესი სასამართლო კი მისი თავმჯდომარის სახით დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში.

ალბათ ძნელი არაა მივხვდეთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასეთი სტრუქტურა,როდესაც მისი წევრების უმრავლესობა არიან მოქმედი მოსამართლეები და თავმჯდომარე კი ასევე მოქმედი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა;

ხუთ წევრს ირჩევს პარლამენტი თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით;
ბუნებრივია, რომ ასეთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხი ვერ იქნება მაღალი.
ასეთი ფორმით იგი გავლენებისა და ინტერესების გატარების ინსტრუმენტის როლის შესრულებისთვისაა განწირული.

შედარებით დამოუკიდებელი შეიძლება ყოფილიყო ავტორიტეტული სამართალმცოდნეებისა და მეცნიერებისგან დაკომპლექტებული საბჭო-სასამართლო არეოპაგი.რომლის წევრებსაც ექნებოდათ, მოსამართლეობის სოლიდური,მაგალითად 20-წლიანი სტაჟი,არჩეულ იქნებოდნენ მკაცრი პარამეტრებით და ექნებოდათ მაღალი ავტორიტეტი საზოგადოებაში და სამეცნიერო წრეებში.

ასეთია ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნის პრაქტიკა.

ამაზე თავის დროზე იყო საფიქრალი და სათქმელი,სანამ ასეთ სურათს მივიღებდით.
არადა,სწორედ დასანიშნი მოსამართლეების სკანდალურობამ გამოიწვია ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ყურადღების გამახვილება,თორემ სააკაშვილმა ისე დაიქვემდებარა სასამართლო, რომ მაშინ ძალიან ცოტამ გაიგო, რა მოხდა,

ახლაც ასე მოხდებოდა,პირდაპირ სააკაშვილის რეჟიმის სიმბოლოები რომ არ წარედგინათ უვადოდ დასანიშნად და შიგნით არ დარეოდნენ ერთმანეთს.

და კიდევ!

არაფერია უფრო საშიში ,ვიდრე კორპორაციული სოლიდარობა მაშინ ,როცა ეს მოსამართლეებს ეხება.
სამწუხაროდ,არავინ არაფერი უთხრა ბატონ მურუსიძეს მისი ცნობილი დებატებისას ამის შესახებ,როცა მან “მოსამართლეთა კორპუსის ლიდერად” გამოაცხადა თავი.

არადა, ასეთი რამ რომ დაუშვებელია, ყველა განვითარებულ ქვეყანაში იციან და მთელი მეთოდიკა აქვთ შემუშავებული,რომ “მოსამართლეთა კორპუსი” დახურულ კორპორაციად არ გადაიქცეს,რომელიც არა სამართლიანობის,არამედ საკუთარი კორპორატიული ინტერესებისთვის მოქმედებს.