„უჩინარი“ ქართველი მხატვარი „პარალელური სამყაროდან“ და ხილვებით შექმნილი ნახატები…ფეხითაც!

ლაშა არსენიძის პიროვნება ისეთივე იდუმალებითაა მოცული, როგორც თვითონ მისი ნახატები. მას ფიზიკუარდ არავინ იცნობს.  სახეს არასდროს აჩენს.

სხვათაშორის, სულ მალე ლაშა თბილისში ორკესტრთან ერთად 3 ნახატს დახატავს და საზოგადოებას საკმაოდ დიდ სიურპრიზს ჰპირდება.

ფიქრია წიკლაური

საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს რეალისტი მხატვრები თავის შემოქმედებაში არსებული რეალობის ტილოზე გადმოტანას თუ ყოველგვარი შელამაზებისა და ინტერპრეტაციის გარეშე ცდილობდნენ,  აბსტრაქტული ხელოვნების მიმდევრები პირიქით,  ყველა იმ სურათს, რასაც რეალობაში ვხედავთ, უარყოფენ და ტილოსა თუ ქაღალდზე თავის ფანტაზიის ნაყოფს მხოლოდ ფერადი ლაქების კომპოზიციით აფიქსირებენ. მათ მიერ ტილოზე შექმნილი სხვადასხვა ფერთა გამა შესაძლოა, მნახველთა ნაწილმა ფერად წერტილებად, ლაქებად თუ ფიგურებად  აღიქვას, თუმცა თვითონ ავტორები და საზოგადოების მეორე ნაწილი  ნამუშევარში სხვადასხვა დანიშნულების საგნებს ხედავს.

35 წლის ქართველი აბსტრაქტული ხელოვანი ლაშა არსენიძე  ცოტა ხნის წინ თავისი ორმოცამდე ნახატით “iART” გალერეაში წარსდგა საზოგადოების წინაშე. ლაშამ პირველი ნამუშევარი ერთი წლის წინ შექმნა:

” წლების განმავლობაში საბერძნეთში მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობდი, როდესაც ძალაუფლება დავკარგე და იმ ქვეყანაშიც ხელისუფლებასთან  პრობლემები შემექმნა, ქვეყნის დატოვება გადავწყვიტე. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცოტა ხანში ხატვა დავიწყე. შთაგონება, მუზა უცებ მოვიდა. მოულოდნელად თვალებდახუჭულმა  წარმოსახვაში  ფერთა გამის წყობა ფუნჯით ქაღალდზე გადავიტანე.  ნახატი შედევრი მინდოდა  გამომსვლოდა. მე მგონი რაც ჩაფიქრებული მქონდა, გამომივიდა კიდეც…”

პირველ ნახატს მეორე მოყვა, შემდეგ მესამე… ხილვებში ნანახმა სხვადასხვა დანიშნულების საგნებმა კომპოზიციების სახით ტილოზე გადაინაცვლეს.

პროფესიონალებმა ახალბედა, თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები დონითაც და სიძლიერითაც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ამერიკელი მხატვრის ჯექსონ პოლაკის ( Jackson Pollock)  ნამუშევრებს მიამსგავსეს. როგორც ცნობილია, პოლაკის ნახატები დღეს მსოფლიოში ძალიან რთულ ნამუშევრებადაა შეფასებული. ის აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევრობის ერთ-ერთი დამაარსებელია.

აბსტრაქტული ხელოვანის ნახატზე გადმოცემული ფერების და ფორმების კომბინაციათა სიმრავლე ისეთივე განუსაზღვრელია, როგორც თვითონ ავტორის განცდებში არსებული ემოციები. ეს კომპოზიციები მხატვრის  განცდებს, სულიერ მდგომარეობას გამოხატავს, შესაძლოა იყოს მოწესრიგებული, ან ქაოტური:

“ყველა ადამიანს შეუძლია თავისებურად აღიქვას და სხვადასხვანაირად დაინახოს ესა თუ ის ნახატი. მაგალითად ერთ-ერთი ნახატი ჩემთვის გავს გურულ კაცს. სხვა მნახველმა მასზე სახლი დაინახა, შეიძლება კიდევ სხვამ რამე განსხვავებული საგანი აღმოაჩინოს…  ერთი ნახატი ჯვრებით მაქვს გაკეთებული. ბერებმა მასზე 12 მოციქულიც, უფალიც და დედაღვთისმშობელიც დაინახეს. რაც მქონდა გათვლილი, ის შენიშნეს.”

ლაშას რამდენიმე ტილო ფეხის გულებითაც  აქვს შესრულებული:

“ერთ საღამოს სახლში ნასვამი დავბრუნდი და რატომღაც სურვილი გამიჩნდა ფეხით შემექმნა ნახატი. წინასწარ გავთვალე, ტილოზე როგორ დაჯდებოდა ფერები. თუ ხატვის დროს რამე  შემეშალა და არასწორად გავუსვი ხაზი, აღარ გამოდის ისეთი როგორიც მინდა რომ იყოს.  ეს ნახატი, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, სწორედ ისეთი გამოვიდა. ფეხის თითებით დანარჩენი ოთხი ტილო  ფხიზელ მდგომარეობაში დავხატე…”

პირველ გამოფენაზე ახალბედა მხატვრის არცერთ ნამუშევარს ხელოვნებათმცოდნეებისგან კრიტიკა არ დაუმსახურებია. მის რამდენიმე ნახატი გალერეამ ძალიან მაღალ დონედაც შეაფასა:

” შეიძლებოდა არ მოწონებოდა, არ მიეღო ჩემი ნამუშევრები დამთვალიერებელს, ან  საერთოდ არაფრად ეღიარებინათ და კრიტიკაც  მიმეღო, მაგრამ პირიქით მოხდა.  მართალია გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც აღნიშნეს, რომ არ მეკუთვნოდა აღიარება და მაღალ თანხად არ უნდა შეფასებულიყო ჩემი რამდენიმე ნემუშევარი. ეჭვიც გაჩნდა რომ ეს არ იყო პატარა დროში შესრულებული ნახატები, თუმცა ნაკლებად მაინტერესებს, ვინ რას იტყვის ჩემს შემოქმედებაზე.  ვაღიარებ, ძალიან რთული კომპოზიციებია და ამას უნდა გაგება. ამ გამოფენამ  უფრო მეტი სტიმული მომცა, როგორც თვითნასწავლს მეტი ამბიცია გამიჩნდა.”

ნახატებს ძალიან იშვიათად არქმევს თავის სახელს. მათ აკრილით, ფანქრით და ჭიშკრისთვის განკუთვნილ ემალის ზეთიანი საღებავით ქმნის, თუმცა რამდენიმეჯერ საკუთარი სისხლიც გამოიყენა,  რომელიც საღებავში აურია და თავის ყველა ნახატს ბეჭედად დაასვა:

“ჩემს ნახატს ბეჭედთან ერთად თავისი შტრიხ-კოდები აქვს.  კოდებს ჩემს მიერ შექმნილი იეროგლიფებისგან ვაწერ. შეიძლება რამდენიმე ასეული წელიც დაჭირდეს მის გაშიფრვას. ამ ცხოვრებში არაფერია ამოუხსნელი. მოვა დროდა ხალხი ამ შტრიხ-კოდების საშუალებით ახსნის ამა თუ იმ ნახატით რისი თქმაც მინდოდა.”

ერთ-ერთი ნახატი, რომელიც ფანქრით არის შესრულებული და ძალიან რთულად შეიძლება აღიქვას მნახველმა, მეორედ მოსვლის თემაზე შექმნილი ნამუშევარია. ავტორმა რა სახითაც დაინახა წარმოსახვაში სურათი, ის გადმოიტანა ფურცელზე. მან ანტიქრისტე ქალის სახით იხილა:

“დახატულ ეშმაკს ერთ პიროვნებად აღიქვამს ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ  ეს არ იქნება ერთი არსება, არამედ რამდენიმე  სხეულით მოევლინება სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა სული ერთი ექნება.. . მე ეს სურათი ხილვებში რომ არ მენახა, ვერაფრით დავხატავდი. ამას ადამიანი ვერ მოიფიქრებს თუ არ შეხედა, ეს არის ზებუნებრივი ძალებიდან შთაგონება.”

შემოქმედისთვის თემა და ჟანრი მრავალფეროვანია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქმნის იმას, რაც ზებუნებრივი ძალებისგან იქნება შთაგონებული.

გამოფენის შემდეგ ერთი ნახატი მედიცინის თემაზეც შექმნა:

“თავი და სხეული ერთმანეთთან დაკავშირებულია კისრით. ორგანიზმში ნებისმიერი დაავადება რომ განიკურნოს, მაგალითად, ღვიძლი, უნდა უმკურნალონ კისერს. კისერში გადის განუსაზღვვრელი რაოდენობის სისხლძარღვი და თუ ტვინი არ მუშაობს ნორმალურად, (მაგალითად ადამიანს აქვს ჰიპერტონია), ბინძურდება კისრის სისხლძარღვები. როდესაც კისერი დაბინძურებულია, სხეულის სხვადასხვა ორგანოები ავადდება. ჩემი ნახატი სწორედ ამ თემაზე შევქმენი. თუ ადამიანს ღვიძლის პრობლემა აქვს, კისრის სისხლძარღვებში უნდა ეძებოს პრობლემა”.

ლაშა ძირითადად თავის ნახატებს ფერმაში ქმნის. თავისი შთაბეჭდილებები და ემოციები  მყუდრო გარემოში გადააქვს ტილოზე, რაშიც ირგვლივ არსებული დიდი სივრცეც ეხმარება. იქ განცდების მიხედვით იქმნება ნახატი. მისი შემოქმედებისთვის გარშემო არსებული სამყარო და საგნები უინტერესოა, რადგან როგორც განმარტავს, მას ისედაც ხედავს და აღიქვამს ადამიანის თვალი:

“მე რეალიზმს არ ვაქცევ ყურადღებას. ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ადრე არ იყო ფოტოგრაფია და მხატვარი ქმნიდა რეალურ სურათს.  რად გვინდა იმის დახატვა, რასაც ვხედავთ? საინტერესოა მეორე განზომილება, რაც ადამიანის თვალისთვის მთელი ცხოვრება შეუმჩნეველია, განსაცვიფრებელია. სწორედ ის შეუსწავლელი ფიგურები, პარალელური სამყაროს ფერები გადმომაქვს ტილოზე. ეს ყველას არ შეუძლია. ცოტა ხნის წინ საკმაოდ დიდი გამოცდილების მხატვრებს ვთხოვე ჩემს დაუსრულებელ  ნახატებში ფერი ჩაესვათ ისე, რომ არ აერიათ თანმიმდევრობა. ვერცერთმა მათგანმა სწორად ვერ შეარჩიეს საღებავი და ნახატი გამიფუჭეს.”

ნახატების გაყიდვას ყოველთვის ერიდება. თვლის, რომ  დაიკარგება და ვეღარასდროს ნახავს. გასაჩუქებლად კი თავის ნამუშევრებს უპრობლემოდ იმეტებს.

სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. ორკესტრთან, კლასიკური მუსიკის  ფონზე რამდენიმე ნახატის შექმნას აპირებს:

” სამი-ოთხი ტილო მინდა დავხატო ასეთ გარემოში. როდესაც მუსიკა მესმის, ფსიქოლოგიურადაც ვწვდები ნახატს. დირიჟორის ჯოხის მოძრაობას დავაკვირდები და ორ ნახატს ასე შთაგონებით გავაკეთებ მუსიკის ფონზე.  მესამეს – ჩემს მიერ შერჩეულ წარმოსახვას გადმოვიტან ტილოზე.”

ლაშა არსენიძის პიროვნება ისეთივე იდუმალებითაა მოცული, როგორც თვითონ მისი ნახატები. მას ფიზიკუარდ არავინ იცნობს.  სახეს არასდროს აჩენს.

სხვათაშორის, სულ მალე ლაშა თბილისში ორკესტრთან ერთად 3 ნახატს დახატავს და საზოგადოებას საკმაოდ დიდ სიურპრიზს ჰპირდება.