“ყველაზე საუკეთესო მხოლოდ ბრძოლით მოიპოვება…”

ბექა ნაცვლიშვილი

გილოცავთ შრომის საერთაშორისო დღეს!

ყოველ პირველ მაისს კიდევ ერთხელ ვაფასებთ მშრომელების მდგომარეობას საქართველოში, მაგრამ არაფერი იცვლება. მაინც მარცხდებიან და იღუპებიან მუშები სამუშაო ადგილზე, მაინც შეუსაბამოა ანაზღაურება გაწეული შრომისთვის, მაინც უწევთ ადამიანებს არანორმირებული სამუშაო დროის გამო ძვირფასი საათების  მოკლება საკუთარი ოჯახებისთვის. ეს იმიტომ რომ, ჩვენ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ შრომის მნიშვნელობას თითოეული ჩვენგანისთვის.

სანამ, ჩვენ ყველა ერთად არ დავანგრევთ დამკვიდრებულ აზრს, რომ დოვლათს ქმნის მხოლოდ დამსაქმებელი და დასაქმებული, მხოლოდ დეტალია ამ პროცესში, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაცვდეს და გამოიცვალოს, მანამდე ჩვენ ვერ გავათვითცნობიერებთ შრომის მნიშვნელობას.

შრომა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ შრომის შედეგად ათვითცნობიერებს ადამიანი მისი ცხოვრების საზრისს. სამუშაო ადგილზე ატარებს ადამიანი მისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს. ამიტომ შრომა უნდა იყოს დაფასებული და მშრომელი დაცული.

რეფორმები რომელიც ტარდება შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის ხშირად არის არათანმიმდევრული და გაუაზრებელი. ეს იმიტომ ხდება, რომ მშრომელები ამ პროცესში ვერ იღებენ მონაწილეობას. რეფორმები ტარდება არა მშრომელებისთვის, არამედ ძირითადად ევროპელი თუ სხვა მენტორების გულის მოსაგებად.

მაგალითად ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად შეიქმნა შრომის ინსპექცია, რომელიც შრომის უსაფრთხოებას ზედამხედველობს, მაგრამ დღემდე ის არ არის აღჭურვილი შესაბამისი მანდატით, რომ  შრომის უფლებებსა და პირობებს გაუწიოს ზედამხედველობა. სინამდვილეში არ არსებობს უსაფრთხო შრომა, დაცული შრომის უფლებების გარეშე. როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ იღუპებიან თუ ზიანდებიან ადამიანები სამუშაო ადგილზე, პასუხი ამ გარემოებაშიც უნდა ვეძებოთ.

ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები არა ვიღაცისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი საჭიროებებისთვის.

მაგრამ ეს არ მოხდება ძლიერი მშრომელთა გაერთიანებების გარეშე. გამოცდილებამ გვანახა, რომ ყველაზე საუკეთესო მხოლოდ ბრძოლით მოიპოვება. ამიტომ დღევანდელი დღე უნდა გახდეს არა მხოლოდ წარსულის გააზრების, არამედ მომავალი გეგმებისა და ინიციატივების დასახვის საწყისი.