განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია პრემიერმა გახსნა

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია იმართება, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

განათლების და მეცნიერების ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს, რაც განათლების რეფორმის განხორციელების საფუძველი იქნება. მულტიფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს ე.წ. ,,კომაროვის სკოლას“, საერთო საცხოვრებელს 100 ბენეფიციარისთვის, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკას, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონას და ხელოვნების სკოლას, სადაც თავმოყრილი იქნება ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები.

,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ამასთანავე, სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდას, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.ახალი მულტიფუნქციური საგანამანათლებლო კომპლექსის მშენებლობა ბათუმში 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაიწყება.