“დავით გარეჯი საქართველოს სიწმინდეა! დაცვა და მოფრთხილება უნდა! მაგრამ მეტი წინდახედულობა გვმართებს…”

ზვიად ტომარაძე

“ერი და სახელმწიფო”

-“26 მაისთან დაკავშირებით ერევანში ქართული დროშები გამოფინეს. ეს ფაქტი უნდა უკავშირდებოდეს აზერბაიჯან–საქართველოს ურთიერთობის დაძაბვას. იმედია აზერბაიჯანს ეყოფა კეთილგონიერება და საქართველოსთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს.

დავით გარეჯი საქართველოს სიწმინდეა! სიწმინდეს კი დაცვა და მოფრთხილება უნდა! მაგრამ ამავდროულად, მეტი წინდახედულობა გვმართებს ქართულ საზოგადოებასაც, ყველანაირად ვეცადოთ ცივი გონებით ვიმოქმედოთ, ურაპატრიოტიზმმა და პოპულიზმმა არცთუ შორეულ წარსულში რა შედეგებამდე მიგვიყვანა, ესეც კარგად უნდა გვახსოვდეს.

ნუ მივცემთ საშუალებას იმ ძალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ახალ კონფლიქტში ჩაგვითრიონ. ამ საკითხში მეტი აქტიურობა მართებს ხელისუფლებას, რადგან მისი ინერტულობა გამოიწვევს საზოგადოებისა და სხვადასხვა ძალების აქტიურობას, ხოლო თუ გავიხსენებთ, რომ საქართველო მრავალი ქვეყნის აგენტურის სათარეშოდ არის ქცეული და შესაბამისად ამ პროცესში დამკვირვებლის როლში ყოფნით არ შემოიფარგლებიან, სიტუაციის უკიდურესად გამწვავება და ახალი კონფლიქტი გარდაუვალია, რაც სავალალო შედეგების მომტანი აღმოჩნდება, როგორც ჩვენთვის ასევე აზერბაიჯანისთვის.