“იფიქრეთ არა პროპორციულზე გადასვლის მიმართულებით, არამედ თანაფარდობის შეცვლაზე…”

ამირან სალუქვაძე

გენერალი, ანალიტიკოსი

-როგორ შეიძლება ერთი და იგივე პარტია ჯერ იყოს მოქმედი საპარლამენტო მოდელის (77/73-ზე) შემოქმედი და ახლა გამოდიოდეს ამ სისტემის გაუქმების მომხრედ?!

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა, რევოლუციის შედეგად. საინტერესო იყო ის, რომ გაუქმდა პროპორციული სიით შესულთა შედეგები, მაჟორიტარებმა კი მანდატები შეინარჩუნეს.

ამავე დროს, ძალაში დარჩა დეპუტატთა 235-დან 150-მდე შემცირების შესახებ რეფერენდუმის გადაწყვეტილება.

თუ არჩევნები გაყალბდა (არავინ დაობს), რატომ შეუნარჩუნდათ მანდატები მაჟორიტარებს და რატომ არ გაუქმდა რეფერენდუმის შედეგები?

რეფერენდუმის გადაწყვეტილებით 2008 წელს არჩევნები ჩატარდა დღევანდელი მოდელით: 150 დეპუტატი, აქედან 77 სიით, 73 მაჟორიტარი.

მანამდე კი გვქონდა შერეული სისტემა: 235 დეპუტატი. აქედან 2/3 პროპორციული სიით, 1/3 კი მაჟორიტარულით.

2008 წელს უკვე ხელისუფლებაში მყოფმა ენმ-მა 2003 წლის, შევარდნაძის დროს გაყალბებული არჩევნების პარალელურად ჩატარებული რეფერენდუმი ძალაში დატოვა და მშვენივრად მოირგო ის მოდელი, რომელსაც ახლა ებრძვიან.

ადრეც დავწერე და ვიმეორებ: არ მომწონს არსებული მოდელი.

ამავე დროს, კიდევ უფრო მეტად არ მომწონს, როცა ბრბოდ გვთვლიან.

თუ ცუდი მოდელი იყო:
1. რატომ არ გააუქმეთ 2003 წლის გაყალბებულ არჩევნებთან ერთად რეფერენდუმის შედეგებიც?
2. რატომ არ ჩაატარეთ ახალი რეფერენდუმი და რატომ ჩაატარეთ ამ მოდელით 2008 წლის არჩევნები?
3. 2011 წელს რატომ აპირებდით დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 150-დან 190-მდე?

გინდათ 300 ათასი ხელმოწერა შეაგროვეთ, გინდათ 4 მილიონი. ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის მხარდაჭერას საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხში მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ დასმულ კითხვებზე მივიღებ პააუხებს და აღიარებთ, რომ გაწყობდათ ეს მოდელი და ამიტომ დატოვეთ ძალაში.

ასევე, არ ვემხრობი მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მქონდა ადრე ეს მოსაზრება, მაგრამ კარგად შესწავლის შემდეგ, შევცვალე აზრი.

შესაბამისად, არც 2024-დან ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

ჩემი აზრით 150 დეპუტატი უნდა დარჩეს. აქედან 2/3 უნდა იყოს პროპორციულით, 1/3 მაჟორიტარულით.

ასეთი შერეული მოდელი, როცა პროპორციული სიით იქნება 2/3 ხოლო მაჟორიტარული სიით 1/3:

1. მაჟორიტარების რაოდენობა ისეთ გავლენას ვეღარ მოახდენს საბოლოო შედეგებზე, როგორც ახლა;

2. ყველა რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში (გაითვალისწინეთ საქართველოს სპეციფიკა);

3. ყველა მოქალაქეს ექნება თეორიული შანსი არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს.

ამიტომ, იფიქრეთ არა პროპორციულზე გადასვლის მიმართულებით, არამედ თანაფარდობის შეცვლაზე, ანუ მაჟორიტარების რიცხვის 1/3-მდე დაყვანაზე.

გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების გამიცდილება, რათა არ შეიქმნას ხოლმე საპარლამენტო კრიზისები. გერმანიამ ნახევარი წელი ვერ შესძლო მთავრობის დამტკიცება. ჩვენი ტრადიციებიდან და დემოკრატიიდან გამომდინარე, შესაძლოა სავალალო შედეგები მოიტანოს.