ოპოზიცია კობახიძის და გახარიას გადადგომას ითხოვს

პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია – ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში დემარშით შევიდა.

ისინი ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა.

სხდომათა დარბაზში იმყოფება ნიკა მელია, სხვა დეპუტატებს კი პარლამენტის შესასვლელიდან სასესიო დარბაზისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

საკანონმდებლო ორგანოს შენობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ალყაში აქვთ მოქცეული.

„ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მთავარ მოთხოვნებად ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.

„ეს არის თავმოყვარეობის ბოლო ზღვარი, როდესაც ივანიშვილმა, ფაქტობრივად, საქართველო შეათრია რუსეთში. კანონი დაირღვა, გახარიამ და კობახიძემ დაარღვიეს კანონი, ეს ადამიანები არ უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა რუსეთში ცხოვრება. მოთხოვნაა, რომ არ ჩავატარებინებთ პოლიტიკურ ასამბლეას, გავრილოვმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და კობახიძე უნდა წავიდეს, ისევე როგორც გახარია“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.