საარჩევნო სისტემაზე უკვე შევთავაზეთ ოპოზიციას დიალოგი და თანამშრომლობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ მმართველმა გუნდმა დაარეგისტრირა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის პირობებში.

“ამასთან დაკავშირებით უკვე შევთავაზეთ ოპოზიციას დიალოგი და თანამშრომლობა. ასევე, ცნობილია, რომ პარალელურ რეჟიმში შექმნილია ჯგუფი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობს. ამ ჯგუფის საქმიანობაში ჩართულია ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო ოპოზიცია და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი.

პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა.  ამას მკაფიოდ ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილებაც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე.

ამ ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს. ამ მიზნით, 8-10 ივლისის შეხვედრის შემდეგ,  ჩვენ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ ოპოზიციური პარტიების გაფართოებული შემადგენლობით”,- წერია განცხადებაში.