ელზა ჯმუხაძე: ,,ვარდების რევოლუცია-2,,-ის სცენარი ამოქმედდა

“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გლდანი-ავჭალის #20 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატის,  ელზა ჯმუხაძის ბრიფინგი გაიმართა თემაზე: ფარული ჩანაწერები და ლუსტრირებული პოლიტიკური რეალობა.

“ბოლო დროს გავრცელებული ფარული ჩანაწერები მიზნად ისახავდა ამომრჩევლის დაბნევას, თითქოსდა, პაატა ბურჭულაძე,  მისი პოლიტიკური ორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არის ოცნების პროექტი იმ დროს, როდესაც ხალხი სწორედ პირიქით ფიქრობს;

შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ, სავარაუდოდ, ეს საუბარი წინასწარი განზრახვით ჩაწერა და გაავრცელა სწორედ მან, ვისაც პოლიტიკურად გაკოტრებული ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული ყოველგვარი ძალის რეანიმაციის სურვილი ამოძრავებს.

ანალოგიური შეიძლება ითქვას მარნეულში მომხდარ ფაქტზეც, რადგან ამ ფაქტს აშკარა პროვოკაციის შეფერილობა აქვს და მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის,, წისქვილზე ასხამს წყალს და საგანგაშოა, რომ ხელისუფლება ვერ თუ არ ახერხებს აღვეთოს მსგავსი ბინძური მეთოდების გამოყენებას.

მივიჩნევთ, რომ ეს და მსგავსი ფაქტები, რომლებიც სავარაუდოდ, უფრო და უფრო გახშრდება, გახლავთ სწორედ ჩვენს მიერ ცოტა ხნის წინ მხილებული ,,ვარდების რევოლუცია-2,,-ის სცენარის მიხედვით განვითარებული მოვლენები.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქართველი ხალხი ამ ყველაფერს შესანიშნავად ხვდება და ხალხმა იცის, რომ ასეთ პირობებში არჩევნები არის ბრძოლის ერთადერთი მშვიდობიანი ველი, ამიტომ უფლება არ გვაქვს, არ მივიდეთ არჩევნებზე, უფლება არ გვაქვს, ხმა მივცეთ მას, ვინც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყანას უფსკრულისაკენ მიაქანებს;

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ბოლოს და ბოლოს მოახერხოს და შექმნას მსგავსი პროვოკაციული ქმედების დაუყოვნებლად გამოძიების და დამნაშავეთა საკადრისად დასჯის პრეცენდენტი!

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვემუქრება საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნების და სამოქალაქო ომის გაჩაღების პერსპექტივა, რაშიც პასუხისმგებლობა თანაბრად დაეკისრება როგორც ყოფილ, ისე ამჟამინდელ ხელისუფლებას“ – განაცხადა ელზა ჯმუხაძემ.

კომენტარის დატოვება