პრეზიდენტი ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალურ კომისიას შეურთდა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას განუცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალურ კომისიას შეურთდა.

სალომე ზურაბიშვილი კომისიის მეოცე წევრია. ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალური კომისიის კომისიის საპატიო თავმჯდომარე ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარია.

კომისიის ახალი შემადგენლობა ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით მთელი მსოფლიოდან მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს, უმსხვილესი ბიზნესის აღმასრულებელ ხელმძღვანელებს და ლიდერებს აერთიანებს.

მომავალი წლის სამოქმედო პოლიტიკისთვის განისაზღვრება ზუსტი რეკომენდაციები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ენერგოეფექტურობის განვითარების დასაჩქარებლად გამოიყენებს.

„დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას,“ – განაცხადა  „ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ფატი ბიროლმა.