ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი…

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს

 

„ჩვენ გვსურს გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში პოლიტიკა საქართველოში იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი; შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა, “ქართულმა ოცნებამ” 2017-2018 წლებში განახორციელა მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგად დაინერგა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ. მისივე თქმით, 2024 წელს უნდა მომხდარიყო  არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მკაფიო და გაბედული ინიციატივების კვალდაკვალ, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების ვადის 2020 წელს გადმოწევასთან დაკავშირებით.

„ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე – 1 თვის წინ, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს. ამით, უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, შეხვედრას გაფართოებული ფორმატით მართავს.