ჯანდაცვის სამინისტრო მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

 

რკინიგზელები მასშტაბური აქციების დაგეგმვას 10 აგვისტოდან ვარაუდობენ. რკინიგზის 4800 თანამშრომელი ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ და გაფიცვებს აანონსებენ.

https://www.gmtv.ge/62322-2/

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება კომპანიის ადმინისტრაციასა და და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლისაკენ მოუწოდებს.

„2019 წლის 9 ივლისს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ვიტალი გიორგაძემ მიმართა როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, ისე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის მიზნით, შემათანხმებელი პროცედურების (მედიაციის) დაწყების თაობაზე.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, არსებული კოლექტიური შრომითი დავის რეგულირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მედიატორთა რეესტრიდან შეირჩა და დაინიშნა მედიატორი, რის შესახებაც ეცნობათ კოლექტიური შრომითი დავის მხარეებს.

კოლექტიური დავის ფარგლებში მედიატორმა გამართა ინდივიდუალური შეხვედრა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან. მედიატორი ასევე დაუკავშირდა სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას შემათანხმებელ პროცედურებში უფლებამოსილი პირის ჩართვის მიზნით.

მიუხედავად მედიატორის არაერთგზის მცდელობისა, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მედიატორს შორის შეხვედრა არ შედგა. შედეგად, მედიაციის პროცესი შეწყდა. მხარეების თანხმობისა და მომართვის შემთხვევაში სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ ჩაერთოს ზემოაღნიშნულ პროცესში და უზრუნველყოს შემათანხმებელ პროცედურებში მედიატორის მონაწილეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.