კობახიძის ბრალდება ენმ-ს და რატიანის პასუხი

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცახდებით, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იარაღით შევიდნენ და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა. მისივე განმარტებით, ”ქართული ოცნების” წევრებმა პროვოკაცია აღკვეთეს და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. ”გუშინ გამთენიისას ”ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენს ერთ-ერთ საარჩევნო შტაბში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში პარტიის სამი აქტივისტი შევიდა. ორ აქტივისტს, რომლებიც სევდია უგრეხელიძის შტაბის აქტივისტები არიან, ეცვა ”ქართული ოცნების” მაისური, ასევე ორივეს ჰქონდა ქამარში ჩადებული პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან. როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნული პროვოკაციის მიზანი იყო გარედან ფაქტის გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, თითქოს ”ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ვერ ცვლის თავისი მოქმედების სტილს, ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი რეალურად არ აქვთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, სამართალდამცველები ადგილზე მისვლისას სიტუაციაში გაერკვნენ და ფაქტი აღიკვეთა. ”მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც სათანადო რეაგირება მოახდინეს ამ პროვოკაციაზე და დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, რის საშუალებითაც, პროვოკაცია დროულად აღიკვეთა. გაერკვნენ პოლიციელები ვითარებაში, მოხდა პირთა იდენტიფიცირება, მათ შორის პარტიული კუთვნილების დადგენა – ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ, 2016 წელს. აღნიშნულ პირებს იარაღი გაფორმებული ჰქონდათ, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ბინძურ პროვოკაციაზე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა,“ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს იარაღი გამოხატული ფორმით ჰქონდათ.

„მათ ეცვათ მაისურები და ჩანდა იარაღი, პირდაპირ ქამარში ჰქონდათ გარჭობილი, ანუ აშკარად იკვეთებოდა, რომ მათ ამ იარაღის დემონსტრირება უნდოდათ ხაზგასმით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ არცერთი პროვოკაცია არ შედგეს. „ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით, იქ უფრო მძიმე ნიშნებს ატარებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ამოცანად გვაქვს, რომ ავღკვეთოთ ასეთი პროვოკაციები, პრევენცია მოვახდინოთ. დეტალებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, ჯერჯერობით სრულად ვახერხებთ ამ ყველაფერს და ასე გვინდა გავაგრძელოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ არცერთი პროვოკაცია არ შედგეს“-დასძინა მან.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დიდ ტყუილად იქცა:

„როდესაც სახელისუფლებო პარტია აგებს, მესმის, რომ მისი აღმასრულებელი მდივანი ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამება არის, ქართული ოცნება საბოლოოდ დიდ ქართულ ტყუილად ჩამოყალიბდა,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

 

კომენტარის დატოვება