“იმედის” თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

ტელეკომპანია იმედის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ვრცელ განცხადებას ამჯერად, ფროდაქშენის თანამშრომელი, ტორესა მოსი ავრცელებს. ის აღწერს ვითარებას, რომელიც ფილმის ნახვის შემდეგ, ტელეკომპანიაში იყო.

ვრცელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფილმი ეთერში გასვლამდე “იმედის” თანამშრომლების შიდა ჯგუფში ჩააგდეს და მას მწვავე პროტესტი მაშინვე მოჰყვა.

“შევეცდები მოკლედ მოვყვე ამ ფილმის ამბავი, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივა. ვინც არ იცის, მეც იმედზე ვმუშაობ, ფროდაქშენში (ნიუსთან არანაირი კავშირი არ მაქვს). როდესაც ეს ნაბიჭვრობა (ფილმს ვგულისხმობ) დაიდო, სამეგრელოში ვიყავი და რომანზე ვმუშაობდი უინტერნეტო გარემოში და სრულიად შემთხვევით ვნახე ერთი დღის დაგვიანებით. ჩემი პირველი რეაქცია იყო რა თქმა უნდა საჯაროდ დამეგმო და არხიდან ასევე საჯარო განცხადებით წავსულიყავი, თუმცა გადავწყვიტე ბოლომდე შემენარჩუნებინა კორპორაციული ეთიკა (ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ყოველთვის, მათ შორის ასეთ დროსაც, რადგან მიმაჩნია, რომ სხვისი დანაშაული პირადი პასუხისმგებლობებისგან არ გვათავისუფლებს) და ზუსტად ამ ტექსტით: „ვინ გააკეთა ეს ნაბიჭვრობა?“ (ტექსტი უფრო ვრცელი იყო რა თქმა უნდა) ჩავაგდე იმედის თანამშრომლების შიდა ჯგუფში და მოვითხოვე არხს მოეხადა ბოდიში და ამის გამკეთებელი დაესაჯა. ამას მოჰყვა თანამშრომლების მხრიდან ჩემი განცხადების მოწონება და მხარდამჭერი კომენტარები. იმისათვის, რომ პროცესი ძალიან არ გაჭიანურებულიყო, დავიწყე ამ ლინკის გზავნა იმ ადამიანებთან, ვისთანაც პირადად მაქვს კონტაქტი. აღმოჩნდა, რომ არხზე მომუშავე ადამიანების უმრავლესობას (მათი დიდი ნაწილი დღემდე შვებულებაშია), მათ შორის პროდიუსერებს, ფილმი ნანახი არ ჰქონდათ და არც არავინ იცოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ავტორი. ჩემს პოსტს მოჰყვა თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა, მირეკავდნენ და მწერდნენ ადამიანები და მეუბნებოდნენ, რომ იზიარებდნენ ჩემი განცხადების პათოსს. ამასობაში ნიუსრუმში მომუშავე ჟურნალისტებმაც და პროდიუსერებმაც აქტიური პროტესტი გამოხატეს. შედეგად, ბოლოს და ბოლოს, გაირკვა, რომ ვიდეოს ავტორი (ყოველ შემთხვევაში პირადი აღიარება არსებობს) ყოფილა ვინმე ნიკა ლალიაშვილი, რომლის არსებობის შესახებ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, დილით მოვძებნე და აღმოვაჩინე, რომ ჩვეულებრივი რუსეთუმეა. ამასობაში Paata Shamugia-სთან მქონდა აქტიური კომუნიკაცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად აპროტესტებდა მომხდარს ჩემთან ერთად. დღეს გავარკვიე, რომ ეს ვინმე ნიკა ლალიაშვილი მოიყვანეს და მათ შორის ნიუსში მომუშავე ჟურნალისტების პროტესტის მიუხედავად დაგვასვეს ყველას თავზე. დღეს დავბრუნდი თბილისში. მოკლედ შევაჯამებ ახლა რაც ხდება.

“არხზე მომუშავე თანამშრომლების სრული უმრავლესობა უბრალოდ დემორალიზებულია. რა თქმა უნდა მე არ ვაპირებ ვიყო რაიმე ფორმით რუსული პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი. როგორც იმ შიდა განცხადებაში ვთქვი, თუ არხი არ მოიხდიდა საჯაროდ ბოდიშს, ვიდეო არ წაიშლებოდა და გამკეთებელი არ დაისჯებოდა, მე იგივე განცხადებას გავაკეთებდი საჯაროდ, თუმცა არ ვაპირებ შევუქმნა ეს კომფორტი, რომ ჩემი ფეხით წამოვიდე იქიდან. აქვე ვამბობ, რომ არსებობს მხოლოდ ორი გზა: ან მე ვიქნები მანდ, ან ნიკა ლალიაშვილი და სანამ ვიქნები, ყოველ დღე, საჯაროდ ვამხელ და ყოველი დღე იქნება კონკრეტული ფასი. ჩემთვის ამის კეთება გაცილებით მარტივია, მე მწერალი ვარ, წამოვალ და დავწერ, ვერავინ შემაფერხებს და შემიშლის ხელს. გაჭირვებაც გამომივლია უსახლკარობაც და შიმშილიც, ჩემთვის ეს არც პირველი იქნება და როგორც ვატყობ ამ ქვეყანაში, არც უკანასკნელი 🙂 ფეხებზეც მკიდია, მაგრამ ჟურნალისტებისთვის ტელევიზია მთავარი სამუშაო სივრცეა, ისინი საკუთარ საქმეს აკეთებენ და მათ უნდა მიეცეთ ამის შესაძლებლობა,”-წერს იმედის თანამშრომელი.

ტორესა მოსი მოუწოდებს საზოგადოებას კრიტიკისას სწორად შეარჩიოს ადრესატები. ის ასევე ითხოვს დაისაჯოს გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ სკანდალური ფილმის პროდიუსერია, არხმა მოიხადოს ბოდიში და წაიშალოს ვიდეო სოციალური სივრციდან.