პოლიტიკური მოლოდინების ეკონომიკური ნატურა – ისევ „მოლოდინების ქვეშ“…

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

პოლიტიკური მოლოდინების ეკონომიკური ნატურა

ბიზნესისა და პოლიტიკის მიქსმა, ვერც პოლიტიკაზე იქონია არსებითი გავლენა და ვერც ბიზნეს გარემოს განვითარებაზე. არსებული პრობლემები გასცდა ყველა ზღვარს და გადავიდა სიბრტყეში, სადაც  მხოლოდ ნეგატიური მოლოდინებია.

სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკური გარემოც არსებულ პრობლემებს ძირითადად „მოლოდინების ქვეშ“ აფასებს. კერძოდ:

  • ეროვნული ვალუტის გაუფასურების საფუძველში წარმოაჩენენ უარყოფით მოლოდინებს;
  • ფასების ზრდის პრევენციისას აქცენტებს აკეთებენ მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების მოლოდინებით;
  • პოლიტიკური კონფრონტაციის დაძლევის გზად მიაჩნიათ განსაკუთრებული მოლოდინები;
  • ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას ახდენენ პოზიტიური მოლოდინებით;
  • არსებული მოლოდინებისა და პრაქტიკული ნაბიჯების დეფიციტის ფონზე, სამივე სექტორში (სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორში) მხოლოდ მღელვარებაა;
  • დამაიმედებელი მოლოდინია მხოლოდ ის, რომ საზოგადოებიდან პოლიტიკაში ახალი პირების და ახალი ჯგუფების მოსვლის მაღალი პერსპექტივაა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქართული პოლიტიკის მოლოდინების ნატურამ უფრო დააქვეითა საზოგადოების კეთილდღეობა, შეამცირა საზოგადოების ხმა, „ეკონომიკურ იზოლაციაში“ მოაქცია საზოგადოების აქტიური პირები (იმისათვის, რომ არ იაქტიურონ), ვერ უზრუნველყო ქვეყნის განვითარება ინოვაციურ კონტექსტში, ვერ შეძლო გლობალური მაკროეკონომიკური გამოწვევებისადმი მოწყვლადობის შემცირება და მსოფლიო ეკონომიკაში ადგილის დამკვიდრება. მართალია ქვეყანაში არსებობს გარკვეული ეკონომიკური აქტივობა და მაკროეკონომიკური საფუძვლები, თუმცა ჯამში არსებული ტემპი და მიღებული შედეგები ფუნდამენტური ფაქტორების სისუსტის კომპენსირებას ვერ ახერხებს. არსებულ მოცემულობაში, გამომწვევი მიზეზებიდან შეიძლება აღინიშნოს შემდეგი :

  1. პოლიტიკური გარემოში:
  • ქართულმა პოლიტიკამ ევოლუციურად დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და სრულად არ ვითარდება. მისგან დარჩა მხოლოდ პოპულიზმი, თუმცა ისიც არასრული;
  • დღეს, პოლიტიკური გარემო უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ჩინებსა და თანამდებობის როლზე, ვიდრე შედეგებსა და დარგის განვითარებაში შეტანილ წვლილზე. ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკური აქტივობა უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე ჩინით გამყარებული საუბრები, პოპულისტური დაპირებები, სხვისი იდეებით თავის მოწონება უფრო დიდ მედიაში. აღნიშნულ ეტაპზე ისეთი ვითარებაა, რომ არათუ ახალი იდეების და პროგრამების შექმნის პოტენციალია, არსებულის რეალიზებაც კი პრობლემაა;
  • ქართული პოლიტიკური „ყოვლისშემძლეობა“ ძირითადად ცხადყოფს პოლიტიკური პოტენციალის მქონე პირებისთვის პრობლემების შექმნას, საზოგადოების აქტიური პირების ეკონომიკურ დისკრედიტაციას, საზოგადოებრივი პრობლემების დაგუბებას. ისიც უნდა ითქვას, რომ მტრობა ადვილია, დამეგობრება და მოკავშირეობაა დიდი პოლიტიკური უნარი;
  • პოლიტიკა დარგის განვითარების მამოძრავებელ ძალად თუ ვერ მოგვევლინება ბუქსირის როლი მაინც შეითავსოს, ნაცვლად მუხრუჭისა;
  • ამიტომ გვჭირდება ახალი პოლიტიკური პირები, აკადემიური და პოლიტიკური კულტურით. ქვეყნის ნაციონალური და გლობალური პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს პოლიტიკური სუვერენებით. არსებული პოლიტიკის შეფასება უნდა მოხდეს მიღწეული შედეგებითა და ძირითადი პრობლემების დაძლევით (საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა და ტერიტორიების დაბრუნება). მოქალაქეების პრობლემების მოსმენა კი არ არის მუშაობა, არამედ პრობლემების გადაჭრაა მუშაობის შედეგი;
  1. ბიზნეს სექტორში:
  • დასაშვებია, რომ ბიზნესმა უბიძგოს, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ისე საკანონმდებლო აქტების გენერირებს. თუმცა, თუ ბიზნესისა და პოლიტიკის მიქსი ბიზნესსაც აზიანებს და პოლიტიკასაც, ამაზე პასუხისმგებელია მხოლოდ პოლიტიკა და არა ბიზნესი;
  • ხაზგასასმელია, რომ ბიზნეს საზოგადოება პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში ისეთივე ინდივიდუალიზმით უნდა წარსდგნენ, როგორც ბიზნეს სფეროში აქვთ. დღეს, გვჭირდება პოლიტიკური ინდივიდუალიზმი საზოგადოების გაერთიანების პოტენციალით;
  • ბიზნეს სექტორი აქცენტებს აკეთებს საკუთარ პერსონაზე. რაც რათქმაუნდა აღსაქმელია, როგორც საკუთარი ბიზნესის დაცვა. კარგი იქნება მეტი აქცენტი გაკეთდეს ისეთი ჯგუფების მხარდაჭერაზე, რომელიც საზოგადოებისა და ბიზნეს გარემოს დაცვის გარანტია იქნება;
  • უმჯობესია ბიზნეს მხარდაჭერა ისეთ კონტექსტში, როგორიცაა კვლევითი ცენტრების, ფონდების, საინიციატივო ჯგუფების, საზოგადოების ძალაუფლების განმტკიცება და ხელშეწყობა.
  • საზოგადოებრივ სივრცეში:
  • საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება გადის პოლიტიკურ პროგრამებზე, ეფექტიან მიდგომებზე, აკადემიურობაზე, განხორციელებულ პროექტებსა და პრაქტიკულ ნაბიჯებზე;
  • ნებისმიერის პირის რეპუტაცია გამჭვირვალეა. აღსანიშნია, რომ გამჭვირვალობის ზრდასა და ინფორმაციულობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს მედია. შესაბამისად, მედია სივრცეში მომხდარი ნებისმიერი ქმედება ინფორმაციის დინებას „ცვლის“, მაგრამ ინფორმაციის ნაკადს ვერ აქრობს. საბოლოოდ ის დაგუბდება და იმაზე დიდ ნაკადს შექმნს, ვიდრე დაგუბებამდე იყო;
  • ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა საჭიროებს მაღალ „პოლიტიკურ კლასს“ და აკადემიურ კომპეტენციას. ასეთი პირები კი საზოგადოებაში მრავლადაა.

დაბოლოს, სახელმწიფო საჭიროებს მძლავრ ქართულ პოლიტიკას, ძლიერ სახელმწიფო სისტემებს, გლობალური პოლიტიკური აუტსაიდერობიდან თავის დაღწევას  და რეგიონული როლის ზრდას.