ოპოზიცია უნიჭო სპექტაკლებს დგამს, უნიჭო მსახიობებით – მაია ცქიტიშვილი

გამეცინება და მეცინება იმაზე, თუ რამდენად უსუსურია ოპოზიცია და რამდენად უნიჭო სპექტაკლებს დგამს, უნიჭო მსახიობებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

მაია ცქიტიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომას გამოეხმაურა და ვიდეორგოლის მსვლელობის დროს, მისი ღიმილის მიზეზი განმარტა. ცქიტიშვილის თქმით, ძალიან დასანანია, როცა ამ ყველაფერს ასეთი სახის ინტერპრეტირება ეძლევა.

„სინამდვილეში, ღიმილი გამოიწვია არა კადრებმა, რაც უმძიმესი სანახავია. ეს კადრები ვნახეთ, 20-21 ივნისის ღამეს და მას შემდეგ საშუალება გვქონდა, სხვადასხვა სახის კადრები გვენახა. მათ შორის, შტურმის კადრები და მთლიანად ეს ღამე და მოვლენები, მთლიანობაში ძალიან ტრაგიკულია. რაც შეეხება ჩემს ღიმილს, ღიმილის მომგვრელია „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება, რომელსაც არაფერი აღარ დარჩენია, იმდენად უსუსურად და სასაცილოდ გამოიყურება. სალაპარაკო არაფერი აღარ დარჩათ, პოლემიკაში შესვლის საშუალებაც აღარ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომის წამყვანმა თქვა, რომ ხალხის კითხვების დასმას აპირებდა, მაგრამ ამის ნაცვლად, მუსიკალური კლიპი მივიღეთ, რომელიც არის სპექტაკლის, იმ კლოუნადის ნაწილი, რომელიც დადგა ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“.

ეს არის მათი ხელწერა, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მართავდნენ. მოდელირებულ რეალობას, ვირტუალურ საქართველის ქმნიდნენ, სადაც გვაცხოვრებდნენ. ნამდვილად მეცინება, როცა სალომე სამადაშვილი ეროვნული მთავრობის დაბრუნებაზე საუბრობს და ასეთ გულმხურვალე საუბარს იმ ადამიანებისგან ვისმენთ, ვინც მთელი წლების მანძილზე ძალადობით, ხელისუფლების უზურპირებით, ადამიანების ცემით, ადამიანების მოკვლით მართავდა ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისგან კლიპი იქნება, კადრები, თუ ქმედება, რაც მათგან ვიხილეთ, არის მათი ხელწერისა და სახის დემონსტრირება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.