დაფიქრდით! დაცულია თუ არა პაციენტის პერსონალური მონაცემები!

 

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი,საჯარო სამართლის დოქტორი

დაფიქრდით დაცულია თუ არა თქვენი როგორც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები!

შევესწარი შემთხვევას სადაც დაირღვა პაციენტის უფლებები ამიტომ გადავწყვიტე ამ თემაზე მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ჯანმრთელობა არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა,როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქიები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ახერხებენ შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰიმეოსტაზი.
სამწუხაროდ ადამიანები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ვსაჭიროებთ სამედიცინო დახმარებას და უპრიანია ამ პროცესში ჩვენი უფლებების დასაცავად ვიცოდეთ რომ:
✔️სამედიცინო მომსახურეობით სარგებლობის,მათ შორის პირის მიერ სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს.
✔️პერსონალური მონაცემის დაცვის საჭიროება დგება პაციენტის მიღების მომენტიდანვე.
✔️ჯანდაცვის პერსონალმა პაციენტისაგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა უნდა დაიცვას მასთან გასაუბრების პროცესშიც ანუ არ უნდა დაუშვას სხვა პირთა დასწრება გარდა პაციენტის სურვილის არსებობისა.
✔️სამედიცინო დაწესებულებით სარგებლობისას პაციენტის მონაცემების დამუშავებისას დამმუშავებელმა არ უნდა დაამუშაოს იმაზე მეტი მოცულობის ან კატეგორიის ინფორმაცია,ვიდრე კანონიერი მიზნის მისაღწევას სჭირდება.
თუნდაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად,პაციენტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება დაუშვებელია.
✔️ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე განსაზღვროს კონკრეტული სუბიექტი.
✔️იმ შემთხვევაში როცა პაციენტი უგონო მდგომარეოაბშია პაციენტის ოჯახის წევრებს, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას პაციენტის შემდგომ მკურნალობასა და მოვლაზე, უფლება აქვთ, იცოდნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს ის შემთხვევაა როცა ინფორმაციის ოჯახის წევრებზე გაცემა პაციენტის უფლებებზე უპირატესია.
✔️გახსოვდეთ რომ თქვენ, როგორც პაციენტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია.
მონაცემთა დამმუშავებელი კი ვალდებულია პაციენტის მოთხოვნის შემთხვევაში განმარტოს თუ ვიზე,რა საფუძვლითა და მიზნით გაიცა ინფორმაცია.
✔️ასევე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაქვთ უფლება მოითხოვოთ მონაცემების გასწორება,დაბლოკვა,შეცვლა,წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში თუ მონაცემები არასწორია ან განახლებას საჭიროებს.

✔️სამედიცინო მომსახურების პროცესში პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გამჟღავნების შემთხვევაში, დარღვეული უფლების აღსადგენად უნდა მიმართოთ საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს ან სასამართლოს. თუ მონაცემთა დამმუშავებელი არის საჯარო დაწესებულება ასევე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.