ახალგაზრდების პასუხი ოკუპაციას – 26 წელი სოხუმის დაცემიდან!

ააიპ ,,აფხაზეთი- ჩემი სახლი”-ს ინიციატივითა და ორგანიზატორობით,  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია ,, აფხაზეთის კულტურულ-ისტორიული წარსული და თანამედროვეობა” ჩატარდა.

პროექტის ავტორია ორგანიზაცია ,,აფხაზეთი-ჩემი სახლის” თავმჯდომარე, პროფესორი სალომე კაპანაძე.

სამეცნიერო საბჭოს წევრები: პროფესორები- ნანა მაჭავარიანი, ბეჟან ხორავა და თამარ ბელქანია. პროექტის მხარდამჭერებია ქ. თბილისის მერია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. ღონისძიებაზე მოწვეული არიან: საქართველოს პარლამენტისა და ქ. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეები- მარიამ ჯაში და თამარ ტალიაშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქ. თბილისის  მერიის კულტურის,       განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა    საქალაქო   სამსახურის ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

როგორც სალომე კაპანაძემ აღნიშნა, ეს არის ახალგაზრდების პასუხი ოკუპაციას. მისივე თქმით, პროექტის მიზანია გააქტიუროს ახალგაზრდების ინტერესი აფხაზეთის პრობლემის მიმართ და  ამ საკითხით დაინტერესებულ მეცნიერებს მისცეს   არამარტო თავიანთი ნაშრომების წარმოდგენის, არამედ მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა. ასევე,  აფხაზეთის საკითხზე გაზარდოს  კვლევების ხარისხი და  ახალგაზრდებს ჩამოუყალიბოს  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა. სულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 13 მოხსენება. მათ შორის, ლიტერატურათმცოდნეობის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კინომცოდნეობის,  ისტორიისა და ჟურნალისტიკის დარგებიდან.

კონფერენციას აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ და გამოთქვეს მზადყოფნა გვერდით დაუდგენ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს.