“ეს არის ლავროვის შეხვედრა, მის ხელქვეით ზალკანიანთან!..”

დავით მიროტაძე ეხმაურება ზალკანიანისა და ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას, სადაც ნათქვამია:

“საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის  შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო რეგიონის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებლად…“

მას შემდეგ, რაც საქართველომ აქტიურად დაიწყო სვლა ევრო სივრცეში ინტეგრაციისკენ, ევროპელი პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები თუ ექსპერტები გამუდმებით მოგვიწოდებდნენ, რომ რუსეთთან პრობლემების მოგვარებაში ნაკლებად გაგვერია ევროპა. მათგან სულ ერთი და იგივე ფრაზა ისმოდა: „რუსეთთან თქვენ უნდა მოაგვაროთ, ჩვენ სხვა დანარჩენში ყოველმხრივ დაგეხმარებით.“ პირად საუბრებში ევროპელი პოლიტიკოსებისგან ხშირად მომისმენია უფრო მკაცრი „რეკომენდაციაც“ – „ნუ გვიმტვრევთ ევროკავშირის კარებს!“

2006-07 წლებიდან, საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო ურთიერთობებში გაწეული შრომის შედეგად, ვერცერთი დასავლელი პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი ვერ კადრულობდა მიეთითებინა ჩვენთვის რუსებთან პირისპირ დაჯდომა მოსალაპარაკებლად. მეტიც 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ დასავლელი ლიდერების საჯარო გამოსვლებში გაჩნდა ტერმინი აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის მისამართით და საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული „დე-ოკუპაციის პოლიტიკის“ ფარგლებში დაიწყო სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტების მიერ რეზოლუციის მიღება, სადაც რუსეთი ოფიციალურად იქნა მოხსენიებული ოკუპანტად.

2012 წელს სამწუხაროდ ხელისუფლება ხელთ იგდო რუსმა ოლიგარქმა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაუფარავად აცხადებდა, რომ საქართველოს როლი რეგიონში უნდა შემცირებულიყო; საქართველო აღარ უნდა ყოფილიყო დისკომფორტი ევროპისთვის, რუსეთთან „დაულაგებელი“ ურთიერთობის გამო და ა.შ. მან ზედმიწევნით კარგად შეასრულა კრემლისთვის და არა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირება! – დღეს საქართველო პრაქტიკულად აღარ ფიგურირებს დასავლეთის ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებში, ყოველ შემთხვევაში იმ სიმწვავითა და სიხშირით, რაც მცირედი ეფექტის მომტანი მაინც იქნებოდა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შესამცირებლად, რაც ყოველდღიურად მიმდინარეობს და ეწირება ქართველი მოსახლეობა!

დღეს კრემლი სრულად აკონტროლებს ქართულ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დანიშნული, კრემლისთვის მისაღები ჩინოვნიკი-მარიონეტების მეშვეობით!

ზალკანიანისა და ლავროვის შეხვედრას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრას. უფრო რელევანტური იქნება ვთქვათ: ეს არის ლავროვის შეხვედრა, მის ხელქვეით ზალკანიანთან! შესაბამისად არსებითის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს ამ შეხვედრის შედეგად. – აცხადებს პარტია რეფორმატორების თავმჯდომარე დავით მიროტაძე