23 წლის წინ ამ დროს ჯერ კიდევ არავის სჯეროდა, რომ 2 დღეში სოხუმი დაეცემოდა!

ზუსტად 23 წლის წინ, სექტემბრის თვეში უკიდურესად დაიძაბა მდგომარეობა აფხაზეთში. 23 სექტემბერი

– ე. შევარდნაძემ სოხუმში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც შეაფასა შექმნილი მძიმე ვითარება.

24 სექტემბერი

– საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურმა ე. შევარდნაძემ რადიოთი მიმართა სოხუმის მოსახლეობას და ქალაქის დამცველებს: „…სოხუმელებო, საქართველოს მოქალაქენო!.. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი გმირობით, ვაჟკაცობითა და თავდადებით… სეპარატისტებს და ავანტიურისტებს, რომლებსაც ისტორია გაასამართლებთ, უნდათ, რომ ქართველმა კაცმა ამ ქართულ ქალაქში აღარ იცხოვროს. ბევრს უნდა, რომ გაგრის ტრაგედია სოხუმშიც გაიმეოროს… ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიჭირთ. ბევრმა გასაგები მიზეზების გამო დატოვა სოხუმი, მაგრამ თქვენ აქ დარჩით იმისთვის, რომ იბრძოლოთ სოხუმისა და საქართველოსთვის… მოგმართავთ თქვენ, სოხუმის მოქალაქენო, მოგმართავთ ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და გენერლებს: (…) ჩვენ არ გვაქვს უფლება შევდრკეთ, ჩვენ ყველანი ჩვენს ადგილზე უნდა ვიდგეთ. უნდა გავამაგროთ ქალაქი, გადავარჩინოთ სოხუმი… მე მინდა გითხრათ ისიც, რომ (…) ბატონი ჟიული შარტავა, მისი კოლეგები, ქალაქის ხელმძღვანელობა, ქალაქი და მთელი რაიონები, რომლებიც სოხუმს გარს არტყია – ყველანი საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამას კარგად ხედავს ჩვენი მოწინააღმდეგე და ამიტომაც ასეთი სიძულვილით და ასეთი გამძაფრებით ებრძვის, ანგრევს ჩვენს საყვარელ სოხუმს… მე მინდა ყველას გთხოვოთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეინარჩუნოთ თქვენთვის ჩვეული გამძლეობა, ვაჟკაცობა და თუ რომელიმე ქუჩაზე, რომელიმე უბანში გამოჩნდება მტერი, მას ისე უნდა დავხვდეთ, როგორც ეს მტერს ეკადრება“…[26]

1827 სექტემბერი

– სენაკში ჩეჩნეთიდან ჩამოფრინდა ზ. გამსახურდია. აწყობს მიტინგებს სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში, ჩადის ოჩამჩირეში და შეხვდას აწყობს სამთავრობო ჯარების რიგ ხელმძღვანელებთან.

1627 სექტემბერი

– თვენახევარმა ცეცხლის შეწყვეტამ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა გახიზნული მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა და უკან, აფხაზეთში, სოხუმში მოაბრუნა. სკოლები სავსეა ბავშვებით. ტრის შეტევის შემდეგ ადგილობრივი მებრძოლები ძლიერ განიცდიან ოჯახების ბედს. სამგზავრო ავიაცია ვერ უმკლავდება ბავშვთა და ქალთა, მოხუცთა გადაყვანას უსაფრთხო ადგილას. მოსახლეობა იმდენადაა მიჩვეული მტრის შემოტევებს, დაბომბვებს და სხვა უბედურებას, რომ მშვიდად ტოვებს ქალაქს. არავის არ სჯერა, რომ სოხუმი დაეცემა: არც იმ საშინელებას გრძნობენ, ქალაქის აღების შემდეგ რომ ელოდებათ ქართველებს, რომელსაც მსოფლიო გენოციდად შეაფასებს შემდგომ…

– მთელი საქართველოდან დამატებით იგზავნება სოხუმში მოხალისეთა ძალები. ქვეყანაში მოიხსნა თითქმის ყველა ავია რეისი და სახელდახელოდ შეკრებილი მეომრები მიემართებიან ფრონტზე. გუმისთასთან და ქ. სოხუმში იმართება მრავალი უთანასწორო ბრძოლა. მტერმა ააფეთქა სოხუმის (ბაბუშერის) აეროპორტიდან აფრენილი დევნილებით სავსე თვითმფრინავი, რომელშიც ყველა ჩაიწვა.

– სეპარატისტთა მიერ ჩამოგდებულ იქნა და ზღვაში ჩავარდა სოჭიდან მომავალი თვითმფრინავი, რომელშიც მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები ისხდნენ.

– სოხუმის აეროპორტში ჭურვების ზუსტი დარტყმით განადგურებულ იქნა მგზავრებით სავსე თვითმფრინავი. აქვე დაიღუპა სახელოვანი ქართველი სპორტსმენის ლევან თედიაშვილის ვაჟი ვახტანგ თედიაშვილი, რომელიც დამწვარი თვითმფრინავის მშველელთა რიცხვში იყო.

– მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები იმართება ყოფილი ხელისუფლების მომხრეებთან, რომელთა შეიარაღებული ფორმირებები სამეგრელოში იყვნენ დისლოცირებულნი. მათი მეთაურები (ლოთი ქობალია, აკაკი ელიავა) უარს აცხადებენ „ხუნტის“ ჯარებთან ერთად ომში ჩაბმაზე და ალყაშემორტყმულ სოხუმს არ ეხმარებიან.

– სოხუმი–ოჩამჩირის საავტომობილო ტრასაზე მდ. კოდორის სიახლოვეს თავმოყრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი შენაერთი (დაახლოებით 3 ათასი მებრძოლი და 60-მდე ჯავშანტექნიკა), ასევე ექსპრეზიდენტის მომხრეთა შეიარაღებული ფორმირებები, რომელებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებს მდინარის ფორსირებას და სოხუმელთა დახმარებას.

27 სექტემბერი

– მოწინააღმდეგემ სოხუმი აიღო. ე. შევარდნაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბთან ერთად გადადის დაბა აგუძერაში.

– საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, სადაც მოუწოდა ე. შევარდნაძეს დაბრუნებულიყო თბილისში თავისი მოვალეობის შესასრულებლად, რაც თავიდან ააცილებდა საქართველოს უფრო დიდ სისხლისღვრასა და სამოქალაქო ომს.

1993 წლის 27 სეტემბრის შემდეგ 23 წელი გავიდა. არ ნელდება ტკივილი, არც ბრაზი, თუმცა რჩება იმედი…

კომენტარის დატოვება