შსს მინისტრის მოადგილის თქმით, 15 დეკემბერს ბრიფინგზე მოზარდის შესახებ არ იცოდა

მარიამ ახალკაცი

შსს მინისტრის მოადგილის თქმით , 15 დეკემბერს  მოზარდის ძალადობის შესახებ არ იცოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი აცხადებს, რომ 15 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ის ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რაც უწყებას იმ ეტაპზე ჰქონდა. ამის შესახებ პარლამენტში მოსმენაზე მისულმა ცაციაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ 15 დეკემბრის ბრიფინგზე 15 წლის მოზარდზე დაკითხვისას ძალადობის ფაქტი უარყო და 17 დეკემბერს ამავე საქმეზე ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი დააკავეს, “ძალიანი ობიექტური მოვლენა” არის.

“დღევანდელი რეალობა რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა იქიდან გამომდინარე რომ მოხდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, ხვალ და ზეგ შეიძლება კიდევ დამატებით სხვა სურათი გამოიკვეთოს”, — განაცხადა ცაციაშვილმა.

კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა, ცაციაშვილი პასუხობს, რომ უხერხულობას “ბრიფინგის არასწორი ინტერპრეტაციები და სპეკულაციები” უქმნის.

15 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ნინო ცაციაშვილი ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიური ძალადობას ადგილი არ ჰქონია.