ხაჯიმბას მთავრობის წევრის თქმით ,,პრეზიდენტის” ადმინისტრაციაში შეჭრილებს იარაღი აქვთ

მარიამ ახალკაცი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა ირწმუნება, რომ „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობაში შეჭრილი პირები იარაღს დაეუფლნენ.

„გაღებულია ოთახი, სადაც იარაღი ინახება. გახსნილია პრაქტიკულად ყველა კაბინეტი. გაკრკვეული რაოდენობის(იარაღი), რომელიც იქიდან წაიღეს, ჩვენი მონაცემებით, მათ ხელშია“, – უთხრა კილბამ სააგენტო „ტას“-ს. მისივე მტკიცებით, ზოგიერთ პირს იარაღი ჰქონდა 9 იანვარს, შენობის შტურმის დროსაც, თუმცა, არ გამოუყენებიათ.

კილბას ინფორმაციით, „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობაში არეულობების დროს დაშავდა 5-7 ადამიანი.

სოხუმში, სადაც 9 იანვარს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია განიხილავდა „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს შარშანდელი „არჩევნების“ შედეგების გაუქმების თაობაზე, დღისით დაიწყო ოპოზიციური პარტიების „ამცახარასა“ და „ერთიანი აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

მოგვიანებით, სოხუმშის ცენტრში შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა. მათ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. შენობაში შეჭრილებს კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს. ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. იგი 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“, ალხას ავიძბას ბიძაშვილია.

სოხუმში განვითარებული მოვლენების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს, ღამით რაულ ხაჯიმბას მიმართა, თანამდებობიდან გადადგეს დესტაბილიზაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. საპასუხოდ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ კანდიდატ ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა. 9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ. ამის შემდეგ მან სასამართლოში იჩივლა.

9 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა ერთ-ერთი მოსამართლის აცილების თაობაზე. ე.წ. სასამართლო სარჩელის განხილვას დღეს, 10 იანვარს გააგრძელებს.