„საქართველო შედის მწვანე ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებია საფრთხე ჩვენს ქვეყანაში ვირუსის შემოტანის…”

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის თქმით, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა პრევენციისთვის მიღებულია ზომები. მინისტრის განმარტებით, ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე საგანგებო სიტუაციისა და ჯანდაცვის ცენტრის სპეციალური ჯგუფები მუშაობენ.

„საქართველო შედის მწვანე ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებია საფრთხე ჩვენს ქვეყანაში ვირუსის შემოტანის. თუმცა ზოგადად რისკი მაინც არსებობს, რადგან საზღვრისპირა  რეგიონია. სარფის საბაჟოზე მუშაობს საგანგებო სიტუაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ყველა საეჭვო ტემპერატურის შემთხვევის ან ნიშნების დროს მიმართავენ. შემოსული მოქალაქეები და გადიან პირველად კონსულტაციას. უსაფრთხოების ზომები დაცულია აეროპორტშიც“, – აცხადებს მინისტრი.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, საეჭვო შემთხვევებისთვის მუშაობს სპეციალური ბრიგადა, რომელიც პაციენტს ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანს:

„ჯერ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. რადგან თვითონ ამ დაავადებას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიც ზოგადად ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს, აქედან გამომდინარე ზუსტი ამოცნობა ყველა ეტაპზე შეუძლებელია. მოქალაქეებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გადაიგზავნება სპეციალურ ლაბორატორიაში და შედეგებით შემდეგ ვიმსჯელებთ. ეს არის ის პრევენციული ზომები, რომელსაც ვატარებთ,“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.