ინდოეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ პირს, რომელსაც ბრალად ედება თბილისში, ისნის რაიონში, ინდოეთის მოქალაქის მკვლელობა.

გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რომლისთვისაც კანონით გათვალისიწნებულია 7-დან 15 წლამდე პატიმრობა.

ინდოეთის მოქალაქე ოჯახთან ერთად საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა. შეიძინა მიწის ნაკვეთი და ისანში, სოლომონ დოდაშვილის 15 ნომერში სახლის შენება დაიწყო. სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. წინასწარი ინფორმაციით, დავა მეზობლებს შორის სწორედ საცხოვრებელი სახლის ღობის გამო დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, ინდოეთის მოქალაქე 6 თებერვალს, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მეზობელმა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მკვლელობის მომენტი აღბეჭდილია ტელეფონით გადაღებულ ვიდეოზე, რომელსაც თავად ინდოეთის მოქალაქე იღებდა. კადრში ჩანს, როგორ იღებს ჯიბიდან ცეცხლსასროლ იარაღს კაცი და ესვრის მას. ვიდეო-კადრები ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.