ბერლინის კედლის დაცემა წარმოუდგენლად მიაჩნდათ, მაგრამ დაინგრა… ჩვენც გავაერთიანებთ ქვეყანას!..

თამარ ტალიაშვილი – ბერლინის კედლის დაცემა თითქმის წარმოუდგენლად მიაჩნდათ, მაგრამ ხომ დაინგრა… ჩვენც გადავლახავთ და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას

ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ანდრეს კნაპე ოკუპაციის მუზეუმში ახალგაზრდებს შეხვდა. ღონისძიება ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს წევრის თამარ ტალიაშვილის ორგანიზებით გაიმართა.

ანდრეს კნაპემ დაგმო საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები და თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ეს ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები სამთავრობო უწყებებში, ასევე – გასვლა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და სიტუაციის ადგილზე გაცნობა.

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ქვეყანას პირველი ოფიციალური ვიზიტით, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ეწვივნენ. კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, დღეს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდნენ.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი უწევდა ორგანიზებას, აზრთა ურთიერთგაცვლის, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის რეჟიმში წარიმართა.

კონგრესის პრეზიდენტმა ანდერს კნაპემ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმო და საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებსა და ახალგაზრდებს ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ექსპოზიციები დაათვალიერებინეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.