კახა ძაგანიამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა, რომელსაც პროპორციული სიის პირველი ათეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „მემარცხენე ალიანსმა“, ლიდერებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, შემოვიარეთ სრულიად საქართველო, შევხვდით თითოეულ ამომრჩეველს და გავაცანით „მემარცხენე ალიანსის“ პროგრამა.

ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია საშუალო და დაბალ ფენაზე. იგი არის სოციალური თანასწორობის საუკეთესო ნიმუში საქართველოს უახლესი ისტორიის პოლიტიკურ ვითარებაში. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს საშუალო ფენის შექმნას საქართველოში, რომელიც ძლიერი საქართველოს ხერხემალი იქნება; ასევე ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შექმნას და ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა თანასწორობას, ასევე იმას, რომ სტუდენტები აღარ გაირიცხებიან უმაღლესი სასწავლებლებიდან გადაუხდელობის გამო და მათი სავალდებულო დასაქმება გახდება სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებში აუცილებლობა. ამასთანავე ღირსეული პენსია იქნება გაცემული ჩვენი პენსიონრებისათვის, მათ დაუფინანსდებათ მედიკამენტები, ანუ ეს ჩაჯდება საყოველთაო სადაზღვევო სისტემაში; ჩვენი პროგრამის თანახმად, არცერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა არ იქნება განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე და ეს იქნება უნიკალური შემთხვევა საქართველოს ისტორიაში.

ჩვენ ვამხილეთ გამყიდველი პოლიტიკოსები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან, ისეთები, როგორებიც არიან ნათელაშვილი და ბურჭულაძე. ჩვენ მოვახდინეთ პრევენცია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წესწყობილების ძალისმიერი მეთოდების, გადატრიალების მცდელობის.

ჩვენი გუნდი მზად ვართ ვიმოღვაწეოთ საქართველოს პარლამენტში, მონაწილეობა მივიღოთ საკანონმდებლო ცხოვრებაში ხალხის საკეთილდღეოდ და ასევე მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს კოალიციური მთავრობის ფორმატში.

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ შედეგს და ეს შედეგი გარანტირებულია. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება,  ვინაიდან ჩვენ ვიქნებით ხალხისა და ამომრჩევლის მსახურები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

კომენტარის დატოვება