ლენტეხსა და სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხსა და სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი ღონისძიებების შედეგად ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 4 300 და სოფელ ხიდისყურის 80 მცხოვრებს რამდენჯერმე ჩაუტარდა პროაქტიული თერმოსკრინინგი – ასევე, მიზნობრივი ტესტირებები ჩაუტარდა ინფიცირებულთა ყველა კონტაქტს.

შესაბამისად, დღეიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებს ის რეჟიმი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით არის დადგენილი.

საბჭომ ასევე განიხილა შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით.