ჭიაბერაშვილი: ვფიქრობ, პარლამენტში უნდა შევიდეთ!

   მას შემდეგ, რაც დადგა  ენმ-ს პარლამენტში შესვლა არ- შესვლის საკითხი, ნაციონალებს ბევრი მომწოდებელი, ჭკუის დამრიგებელი და მასწავლებელი გამოუჩნდათ.

ენმ-ს ჭკუას არიგებენ მოქალაქეები, მოუწოდებენ და ასწავლიან როგორ უნდა იმოქმედონ პარტიები , რომელთაც რეიტინგი და არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა წლების მანძილზე 0%-ს ძლივს ასცდა, მიმართავენ ისინი, რომლებმაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სარბიელი გამოიარეს და საკუთარი ადგილი მაინც ვერასდ იპოვეს…და მაინც, რას გადაწყვეტენ ენმ-ს ლიდერები?

სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ზოგიერთი წევრი „მორბენალი კვიცის“ ამპლუაში გვევლინება და თავის აზრს სოციალურ ქსელში გვამცნობს.

ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს. თავის არგუმენტებს ჭიაბერაშვილი ფეისბუქის გევრდზე წერს.

,,მსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადო ნაციონალური მოძრაობის ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც ამ ურთულეს, უთანასწორო ბრძოლაში საოცარი გამძლეობა და შემართება აჩვენეს.

2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს საჯარო და შიდაპარტიული დისკუსია შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: იმ ძალადობრივი გარემოსა და იმ საარჩევნო მანიპულაციების გათვალისწინებით, რაშიც ჩაიარა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა, უნდა შევიდეს თუ არა პარტია პარლამენტში?

ვფიქრობ, პარლამენტში უნდა შევიდეთ.

იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი ძალადობრივად ეპატრონება ყველა ბერკეტს (“რუსთავი 2” ერთ-ერთი შემდგომი სამიზნეა) და როდესაც პროდასავლური პოლიტიკური ძალებიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა რჩება პოლიტიკურ ავანსცენაზე, საპარლამენტო ტრიბუნის დაკარგვა დაუშვებელი მგონია. “ქუჩაში დარჩენა” ივანიშვილს საშუალებას მისცემს, პარტიის მარგინალიზაცია მოახდინოს.

გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტში ყოფნა საშუალებას გვაძლევს, აქტიურად გამოვიყენოთ საერთშორისო კონტაქტები. ნატოს, ეუთოს, ევრიპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნებზე გასასვლელი საქართველოს პარლამენტზე გადის. საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა გვჭირდება ყველაფერში – ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის შესანაღცუნებლად, “რუსთავი 2”-ის დასაცავად, ჩვენი პოლიტპატიმრების ციხიდან დასახსნელად.

ჩვენს უკან დგას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც ხვალ და ზეგ ინდივიდუალურად შეიძლება აღმოჩნდეს სუსის სამიზნე ანდა სოციალური უსამართლობის მსხვერპლი. პარლამენტარის სტატუსი საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ ამ და ნებისმიერი მოქალაქის უფლებებისთვის.

რაც მთავარია, როგორც პარტიას, რომელმაც მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და უბრალოდ ფიზიკური დევნის პირობებშიც კი ამხელა მხარდაჭერა აქვს, არ აქვს უფლება, უარი თქვას მის გარშემო კიდევ დამატებითი პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მობილიზაციაზე. საპარლამენტო პროცესი საშუალებაა, სზოგადოების უფრო მეტ სეგმენტს აჩვენო შენი ახალი სახე ქმედებაში და არა მხოლოდ ქუჩაში. [ყველამ კარგად იცის, რომ მრავალათასიანი მიტინგის ორგანიზება შეგვიძლია და, შესბამისად, გავაკეთებთ კიდეც.]

შეგახსენებთ, რომ ჩვენ ასეთ ძალადობრივ პირობებშიც კი გაგვეზარდა მხარდაჭერა. თუმცა აქვე უნდა გავცეთ პასუხი კითხვას: რატომ არ გაგვეზარდა ეს მხარდაჭერა უფრო მეტად? პასუხი მხოლოდ ივანიშვილის “თამაშის წესებში”, უფრო სწორად უწესობაში არაა. ფაქტია, რომ ჩვენც დავაკელით რაღაც, უფრო კონკრეტულად კი, ჩვენ ვერ დავაჯერეთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომ შიდაპარტიული ტრანსფორმაცია საკმარისი იყო, რომ ნამდვილად “რეფორმისტი” და არა “რევანშისტი” პოლიტიკური ძალა ვართ. ვიმეორებ: მხოლოდ “ჰეროკრატიას”, სუსს, დაშინებასა და შანტაჟს ამას ნუ დავაბრალებთ.

ივანიშვილის წინააღმდეგ საერთოეროვნული კონსოლიდაციისათვის პარტიამ უფრო მეტად უნდა შესძინოს დამაჯერებლობა თავისი განახლების პროცესს. ამ პროცესში სწორედ საჭიროა, პირველ რიგში, ჩვენს აქტიურ მხარდამჭერებს ვაჩვენოთ, რომ მათთან ერთად ბრძოლას ვაგრძელებთ და ივანიშვილს არცერთ გოჯს არ დავითმობთ – არც პარლამენტში, არც სასამართლო დარბაზებში, არც ქუჩაში, არც ქალაქში და არც სოფლად.

პოლიტიკური პარტიისათვის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პროცესიდან – საპარლამენტო დისკუსიიდან გამოთიშვა სხვას უთავისუფლებს ასპარეზს. ამიტომ მიმაჩნია, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ და საზოგადოების ყველა ჯანსაღი ძალის კონსოლიდაციისათვის ვიბრძოლოთ. თან პარტიის შემდგომი ტრანსფორმაციის თანხლებით“ – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

 

კომენტარის დატოვება